“სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას” – ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკი

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, „ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“. მასთან ერთად, EUNEIGHBOURS EAST – FOTOFESTIWAL ფოტოკონკურსის სხვა გამარჯვებულების ვინაობა 31 მარტს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს და თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1,000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და  ნესტან ნიჟარაძემ, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელმა. ცერემონიას დაესწრნენ ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები საქართველოდან და ბლოგერები მთლიანი რეგიონიდან.

„ჩვენ ამ ფოტოკონკურსის დახმარებით სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“, — განაცხადა ცერემონიაზე ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, — „ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს. ვულოცავ ყველა ფოტოგრაფს, რომ მათ ამ თემის ასე შემოქმედებითად და შთამბეჭდავად ინტერპრეტირება შეძლეს“.

ფოტოკონკურსის მონაწილეებს „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა წარმოეჩინათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

ქართველი გამარჯვებული, ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.

ნათელა გრიგალაშვილი ამ პროექტს ასე აღწერს:

„მაღალმთიანი აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები და ცხოვრების ძველი წესები. თუმცა ამ მაღალმთიან მხარეში მცხოვრებთა იზოლაცია და გაუცხოება უკვე დიდი ხანია, მუდმივ პრობლემადაა ქცეული. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რთულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ რეგიონის განვითარება და აქ მცხოვრებთა დანარჩენ ქვეყანასთან ინტეგრაცია შეაფერხა.

„უკვე წლებია, რაც აჭარის მკვიდრებს არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა მრავალ სერვისზე. სოფლებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და ზამთრის დიდთოვლობების დროს გზებიც იკეტება. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო აჭარის მრავალი სოფელი დღეს დაცარიელებულია. მრავალი ოჯახი ეკომიგრანტი გახდა, რადგან ისინი იძულებულები გახდნენ, გადასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ — ძირითადად, თურქეთში. ხულო და ღორჯომის ხეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალი დასახლებებია. ხეობაში სხვადასხვა სიდიდის 18 სოფელი მდებარეობს. ზოგ სოფელში, მცირე მოსახლეობის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლებია გახსნილი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასასწრებლად სხვა სოფლებში სიარული უწევთ. სოფლებს შორის გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია.

„ამ სოფლების თითქმის ყველა მცხოვრები მუსლიმია და ყველა მოზრდილ სოფელში მეჩეთი დგას. ადგილობრივები, ძირითადად, მესაქონლეები არიან, მაგრამ საძოვრების სიმწირის გამო, მათ თავიანთი ნახირი ზაფხულში მთებში აჰყავთ და იქ გვიან შემოდგომამდე რჩებიან. მომთაბარე აჭარლებს წელიწადში რამდენჯერმე უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის მიუხედავად, კაცების უმრავლესობა თურქეთშიც მუშაობს და დამატებითი შემოსავლისთვის სეზონურ სამუშაოს ასრულებს. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო ამ მაღალმთიანი რეგიონის უნიკალური ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, ხოლო მისი გამორჩეული ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა“.

ნათელასთან ერთად, საქართველოდან არჩეულ სამ ფინალისტ ფოტოგრაფს შორის იყვნენ ეკატერინე კოლესნიკოვა (მალე თენდება) და თაკო რობაქიძე („სამშვიდობოები“).

ექვსი გამარჯვებული ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არჩეული 18 ფინალისტისგან გამოავლინა. თითოეული ქვეყნიდან არჩეული სამ-სამი ფინალისტი თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.

ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა) და მარისია მიანოვსკა (უკრაინა).

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ასევე ფოტოგრაფები, მედიის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სახეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

დაჯილდოების ცერემონიის წინა დღეს, 30 მარტს, ფინალისტმა ფოტოგრაფებმა კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრებთან მასტერკლასი გაიარეს.

კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.

დამატებითი ინფორმაცია:

 ნათელა გრიგალაშვილის შესახებ

ნათელა გრიგალაშვილი თბილისში მცხოვრები შტატგარეშე დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. წარსულში გრიგალაშვილს უმუშავია ფოტორეპორტიორად და კინო ოპერატორად. კარიერის დასაწყისში ის, მეტწილად, შავ-თეთრი ფირით იღებდა, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია, რაც გრიგალაშვილი ციფრული ფოტოაპარატით მუშაობს და ფერად ფოტოებს იღებს. ის ახლა, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს და სოფლებსა თუ პატარა ქალაქებში მცხოვრებთა ყოფას და პრობლემებს აღბეჭდავს. ფოტოსერიებზე მუშაობისას გრიგალაშვილი ფოკუსირდება ისტორიაზე, რომელიც კადრებით გადმოიცემა.

 ოჯახური კავშირები“

ფოტოკონკურსის თემას წარმოადგენდა „ოჯახური კავშირები“: კონკურსანტებს უნდა წარედგინათ 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები, რომელშიც ამ თემის შემოქმედებით, სოციალურ და პირად ინტერპრეტაციებს ასახავდნენ. ბოლო სამმა წელმა განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა ოჯახური კავშირების მნიშვნელობა. COVID-ით ნაკარნახევმა სოციალურმა დისტანცირებამ ტკივილი და იზოლაცია გამოიწვია და სრულიად შეცვალა ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობები თუ კავშირები — თუმცა ზოგი გააძლიერა კიდეც. გასულ წელს მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ წამიერად შეძლო ომმა ოჯახების შუაზე გახლეჩა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიხილეთ, თუ რამდენმა გაუღო საკუთარი ოჯახის კარი ომის შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს.

ოჯახურ კავშირებს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, მაგრამ როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

 15 მარტს ევროკავშირის რეგიონულმა საკომუნიკაციო პროგრამამ, EU NEIGHBOURS EAST, „ოჯახური კავშირების“ გარშემო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო, რამაც ფოტოკონკურსს კიდევ უფრო ღრმა კონტექსტი შესძინა. საკომუნიკაციო კამპანია ყურადღებას ამახვილებს ოჯახურ ღირებულებებზე და მასში წარმოდგენილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ მიერ ბავშვების აღზრდაში მამების აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებული სამუშაოს შედეგები და პიროვნული ისტორიები ოჯახებზე. კამპანიის ნაწილია ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ სოციალური მედიისთვის შექმნილი ტესტი ოჯახურ ღირებულებებზე.

ჟიურის წევრები

 კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც ხუთი წევრისგან შედგებოდა:

ლარს ბერინგი: ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) ფონდის დირექტორი და ვიზუალური კომუნიკაციისა და ამბის თხრობის პლატფორმის, Triggertale.com-ის დამაარსებელი

 ემა ბოუკეტი: FT Weekend Magazine-ის ფოტოგრაფიის მიმართულების დირექტორი და ფოტოხელოვნებასა და თანამედროვე ვიზუალურ კულტურაზე ორიენტირებული კურატორი

არიანა რინალდო: ფოტოგრაფიის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე შტატგარეშე პროფესიონალი. ვიზუალური თხრობის საერთაშორისო ფოტო ფესტივალის, Cortona On The Move, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი

კაროლინა გემბარა: ფოტოგრაფი და მკვლევარი. მისი ნამუშევრები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სახლი, მიკუთვნებულობა, მიგრაცია და ცვალებადი იდენტობები

მილიცა სარაცევიჩი: ევროკომისიის პრესისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ოფიცერი.

EU NEIGHBOURS EAST-ის შესახებ

EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაძლიერება, ევროკავშირსა და მის პოლიტიკაზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

EUNEIGHBOURS EAST-ის ვებსაიტის მართვის გარდა, პროგრამის საქმიანობა მოიცავს თემატურ საკომუნიკაციო კამპანიებს, სახალხო დიპლომატიის ქმედებებსა თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს. აღნიშნულ საქმიანობათა ფარგლებში პროგრამა თანამშრომლობს ახალგაზრდა აქტივისტებთან, მედიაპარტნიორებთან, ეროვნულ სახელისუფლებო ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სამეცნიერო წრეებთან და სხვადასხვა სახის პროფესიულ ქსელებთან თუ ასოციაციებთან. ამას გარდა, პროგრამა 1,000-მდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩის ქსელსაც მართავს.

Fotofestiwal-ის შესახებ

Fotofestiwal ფოტოგრაფიის სფეროში მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად 2001 წელს პოლონეთში დაარსდა. დღეს ის ევროპაში ფოტოგრაფიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. ორგანიზაცია 20 წელზე მეტია, ატარებს სხვადასხვა კონკურსს ფოტოგრაფიის სფეროში და აქვს მდიდარი გამოცდილება ამ მიმართულებით.

QvemoQartli.ge