საქართველოში არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებისა და ახალი სერვისების შექმნის ხელშეწყობისათვის – ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო სექტორი ჩეხეთის გამოცდილებას გაეცნო
“სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის” ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – CTC და ქვემო ქართლის მედია – ერთად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში, რეგიონულ დონეზე, სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის. სწორედ, ამ მიზნით CENN-მა უკვე მეორე სასწავლო ტური ჩაატარა და საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩეხეთის გამოცდილება გააცნო.
სასწავლო ტური, ჩეხეთში სექტემბერის ბოლოს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. ტური მოიცავდა შეხვედრებს შემდეგ ჩეხურ ორგანიზაციებთან: SONS ČR – ჩეხეთის რესპუბლიკის უსინათლო და მცირემხედველთა ერთიანი ორგანიზაცია, Diadeti – დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებისა და მეგობრების ასოციაცია, Union of Employer’s Association – დამსაქმებელთა ასოციაცია, Community center for war veterans and professional soldiers – ომის ვეტერანებისა და პროფესიონალი ჯარისკაცების საზოგადოებრივი ცენტრი, Scout Institute – სკაუტების ინსტიტუტი და People in Need – ჩეხური ჰუმანიტარული, განვითარების, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, Silent World – „ჩუმი სამყარო“, რომელიც უზრუნველყოფს სმენის და კომბინირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სოციალური სერვისების სახით, რაც ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე აღნიშნავს , რომ სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იმ სოციალური სერვისების შესახებ, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებობს და ასევე, იმ ინსტრუმენტების გაცნობა, რომლებსაც ჩეხეთის სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლები იყენებენ სოციალურ სერვისებზე წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
„ყოველი დღის ბოლოს გვქონდა დღის შეფასებითი შეხვედრები და სიმართლე გითხრათ, მონაწილეები ყოველი დღის ბოლოს ამბობდნენ, რომ სწორედ ამ დღეს იყო ყველაზე საინტერესო შეხვედრები. თუმცა ვფიქრობ, ცალკე გამოსაყოფია ორგანიზაცია Tichý svět („მდუმარე სამყარო“), რომელიც სმენა და კომბინირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უწევს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას სოციალური სერვისების მიწოდების სახით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებული პირების გაერთიანებული ორგანიზაცია, ომის ვეტერანებისა და პროფესიონალი ჯარისკაცების საზოგადოებრივი ცენტრი, სკაუტური ინსტიტუტი (SI), რომელიც ყოველთვიურად ათობით საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებას მართავს ახალგაზრდებისათვის. ასევე, არ მინდა გამომჩრეს საქართველოში კარგად ცნობილი ორგანიზაცია People in Need, რომელიც ჩეხეთში ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის კუთხით საკმაოდ საინტერესო აქტივობებს ახორციელებს ბაღისა და სასკოლო განათლების ეტაპზე” – ნინო თევზაძე, პროექტის მენეჯერი, CENN.
QvemoQartli.ge სასწავლო ტურის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. მათი შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები, სოციალურ სერვისებთან მიმართებით მსგავსია – მოტივაციის და გაზრდილი ინტერესის თვალსაზრისით.
მარიამ სამხარაძე ამ ტურის მონაწილეა. მარიამი, მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციას „მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს“ ხელმძღვანელობს.
მარიამი ამბობს, რომ განსაკუთრებით დაინტერესდა რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობით. საუბრობს, ჩეხეთის რესპუბლიკის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებული პირების ორგანიზაციით იწყებს.
ეს ორგანიზაცია მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს თავის ბენეფიციარებს: სოციალურ-იურიდიული დახმარების, ციფრულ სფეროში დახმარების, ბიბლიოთეკაზე ხელმისაწვდომობას, სანავიგაციო ცენტრით სარგებლობის, თუ სხვა სერვისების მხრივ.
„მნიშვნელოვანია რომ ეს ორგანიზაცია ეხმარება ბენეფიციარებს, ასწავლის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს თვითმომსახურებას, თუ როგორ მართონ საოჯახო საქმეები დამოუკიდებლად, როგორ გადაადგილდნენ დამოუკიდებლად ხელჯოხის მეშვეობით. საინტერესო იყო რომ ჩეხეთის მასშტაბით შუა ოქტომბერში 3 დღის განმავლობაში ტარდება თეთრი ჯოხის დღე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა იმართება, მათ შორის მოხალისეები ქუჩაში ყიდიან თეთრ ფანქრებს, აგროვებენ შემოწირულობებს. თეთრ ფანქარს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ფურცელზე არაფერი არ ჩანს“, – მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ასევე ორგანიზაცია „მდუმარე სამყაროს“ საქმიანობის გაცნობაც.
„ამ ორ ორგანიზაციასთან ერთად ვისურვებდი თანამშრომლობას, ასევე “დიაბეტი – ჩეხეთის რესპუბლიკაში დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მშობლებისა და მეგობრების ასოციაციასთან”, რომელსაც ჰქონდა წარმატებული ადვოკატირების კამპანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიაბეტის მქონე ბავშვებისათვის, მკაფიო წესების დადგენაზე.
საქართველოში ეს ჯერ კიდევ პრობლემაა და კანონი არ ავალდებულებს საგანმანათლებლო დაწესებულებას უზრუნველყოს სკოლის ექიმის მომსახურებით დიაბეტის მქონე ბავშვი. ამჟამად საქართველოში ეს სკოლის კეთილი ნებაა.
ვისურვებდით გამოცდილების გაზიარების დამატებით ვორქშოფს ამ ორგანიზაციებთან – საქართველოში ახალი სერვისების დასანერგად და კანონმდებლობის დასახვეწად“- მარიამ სამხარაძე.
ჩეხეთის სასწავლო ტურში მონაწილეობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და აქტივისტი გვანცა შიშინაშვილი.
„ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა People in Need-ის ჩეხეთის გუნდთან სტუმრობა. ჩეხური PIN-ის მიდგომა არის გააძლიეროს მასწავლებელი, როგორც სოციალური მუშაკი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს განსაკუთრებულად მოწყვლად მოსწავლეთა ჯგუფების საჭიროებებსა თუ გამოწვევებზე რეაგირება და, შესაძლებლობისამებრ, პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენება. ანუ მასწავლებელი, როგორც ფიგურა არ ასოცირდება მხოლოდ სასკოლო/საგაკვეთილო პროცესთან და აქვს როლი სასკოლო საათების მიღმაც დაკავდეს მოსწავლეთა საჭიროებებით. მასპინძლებმა გაგვიზიარეს საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოები, მასალები, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს დაგვეხმარება მეტი გავიგოთ“, – გვანცა შიშინაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
გვანცა ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ცოტა სოციალური სერვისი არსებობს და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც შშმ პირებს ისეთი საბაზისო უფლებაც არ აქვთ უზრუნველყოფილი, როგორიც ადაპტირებული გარემო და გადაადგილების თავისუფლებაა.
ჩეხეთში სასწავლო ტურს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდანაც ჰყავდა მონაწილე – ანა უგრეხელიძე, რომელიც „ბოლნისის ახალგაზრდული სახლს“ ხელმძღვანელობს.
ანა აღნიშნავს,რომ ჩეხეთში ვიზიტმა სოციალური სერვისების მიმართულებით ისეთ საკითხებზე დააფიქრა, რომელზეც აქამდე არასდროს უფიქრია.
„ყველაზე მთავარი განსხვავება რაც თავიდანვე თვალშისაცემია გახლავთ ის, რომ ჩეხეთში ყველა სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ფოკუსს აკეთებს არა ადამიანების ერთჯერად დახმარებაზე, არამედ მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, მათ სოციალიზაციაზე, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და აძლევს იმ ცოდნასა და სერვისს, რომელიც სჭირდებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ხშირად, სწორედ, უკვე მხარდაჭერილი ადამიანები ხდებიან ხოლმე სხვა მოწყვლადი ჯგუფის დამხმარეები“, – ანა უგრეხელიძე, „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“.
ანას აქვს სურვილი გააგრძელოს თანამშრომლობა ჩეხეთში გაცნობილ ორგანიზაციებთან. მსგავსი ინტერესი აქვს სამოქალაქო აქტივისტს და შაუმიანის სათემო ცენტრის პროექტის კოორდინატორს, ნათია ოქროპირიძესაც.
„ჩვენთვის თვალსაჩინო გახდა, რომ თითოეული მოწყვლადი ჯგუფისთვის როგორ იყო ადაპტირებული გარემო და როგორ იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები. გავეცანით ისეთ სერვისებს, რომლებიც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ან თუ არსებობს, თითქმის არ მუშაობს.
ტურის ფარგლებში ნანახმა კიდევ უფრო კარგად დამანახა ამ სერვისების საჭიროება, რათა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებმა საზოგადოებაში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. იმისთვის, რომ თავი იგრძნონ ღირსეულ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. იმედი მაქვს ჩვენც დავნერგავთ მსგავს სერვისებს“- ნათია ოქროპირიძე.
ნათია ყურადღებას ამახვილებს People in Need-ის საქმიანობაზე. ამბობს, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი არიან ბავშვები, რომლებზე ზრუნვაც სკოლამდელი ასაკიდან იწყება.
„ამ ორგანიზაციამ განსაკუთრებით იმიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ მე პირადად მაქვს ეს პრობლემები გამოვლილი. 2008 წლის ომის შემდეგ, ახლიდან ვიწყებდით ცხოვრებას. ჩემი შვილებისთვის და სხვა იქ მყოფი ბავშვებისთვის, მსგავსი სერვისები რომ ყოფილიყო, ბევრად გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება. უკეთესი მდგომარეობა ექნებოდათ ომის შედეგად ტრავმირებულ ოჯახებს და ბავშვებს. სამწუხაროდ, დღესაც არაფერი შეცვლილა და აღნიშნული სერვისი რომ დაინერგოს არამარტო დევნილ, არამედ სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, მჯერა რომ ბევრად უფრო წარმატებული და განათლებულ მომავალი თაობა გვეყოლება“, – შაუმიანის სათემო ცენტრის პროექტის კოორდინატორი.
სასწავლო ტურს ჰყავდა აქტიური მონაწილე სამცხე-ჯავახეთიდანაც. მარინა კუპატაძე სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორია. მარინა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩეხეთში საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფის სოციალურ მომსახურებაზე არიან ორიენტირებულები.
„ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ორგანიზაციასთან – ,,ადამიანები გაჭირვებაში“, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სოციალური და საგანმანათლებო მიმართულებით. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფია რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები. გვაქვს ამ ორგანიზაციასთან საერთო სამიზნე ჯგუფი და გადაკვეთა თემატური მიმართულებითაც. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს აქვს რეგიონში მოზარდებთან და რეგიონის სკოლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენთვის საინტერესოა ის მეთოდოლოგია, რასაც ორგანიზაცია ,,ადამიანები გაჭირვებაში“ იყენებს თავისი სამიზნე ჯგუფებისათვის, კერძოდ ბავშვებისა და მასწავლებლებისათვის. სიამოვნებით ვითანამშრომლებდით მათთან და გავიზიარებდით მათ წარმატებულ გამოცდილებას“, – მარინა კუპატაძე.
ჩეხეთის სასწავლო ტური ახლა კონკრეტული, თვალსაჩინო და ხელშესახები შედეგების მიღწევას ეცდება. ყველაფერი, რაც გაიგეს და ისწავლეს ტურის მონაწილეებმა, ახლა სხვადასხვა ფორმით მათ თემში, უფრო ფართო საზოგადოებისთვის უნდა იქცეს რეალობად.
„ტურის დროს ადგილზევე გამოიკვეთა რამდენიმე იდეა, რა შეიძლება გაკეთდეს დამეგობრების კუთხით, თუმცა ეს იდეები ნედლია საჭიროებს დამუშავებას. ვფიქრობთ, 3-4 ინიციატივა გამოვკვეთოთ, რომელიც მონაწილეებისათვის იქნება საინტერესო და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების გამოყოფის კუთხით, რომ ეს დამეგობრება და გამოცდილების გაზიარება, საქართველოში საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა, შეძლებისდაგვარად, მოხდეს“- საუბრობს, ნინო თევზაძე პროექტის მენეჯერი, CENN.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.