სარჩელი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სამართლებრივ ბრძოლაში 121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციაა ჩართული.
„121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოვითხოვთ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.
კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ გასაჩივრებულია შემდეგი ნორმები:
- ნორმები, რომლებიც მოსარჩელე ორგანიზაციებს განსაზღვრავს, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“;
- ნორმები, რომლებიც ადგენენ ამ ორგანიზაციათა მადისკრედიტირებელ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და ამ მიზნით შესაბამისი განცხადების, განაცხადის/საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას;
- ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს ორგანიზაციის მონიტორინგის შესაძლებლობას და ამ პროცესში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოძიების, ნებისმიერი სუბიექტისგან გამოთხოვის უფლებამოსილებას და მათ მიწოდებაზე ამ სუბიექტთა შემხვედრ ვალდებულებას;
- ნორმები, რომლებიც მიემართება დასახელებული რეესტრის საჯაროობის განსაზღვრასა და მასში ორგანიზაციის თაობაზე არსებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, აგრეთვე, წარდგენილი განაცხადის/საფინანსო დეკლარაციის საჯაროდ განთავსებას;
- ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა ზემოაღწერილ ვალდებულებათა დარღვევისთვის შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით მაღალი ოდენობის ფულადი ჯარიმის სახით;
- ნორმები, რომლებიც კანონის დროში მოქმედების საკითხს აწესრიგებს და მის ამოქმედებას ითვალისწინებს კანონის ძალაში შესვლამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში საუბარია ტერმინის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” ნეგატიური კონოტაციაზე:
„ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავია. აღნიშნულის დასტურად, მოცემული ტერმინის მხოლოდ გრამატიკული ანალიზიც კი გამოდგება. კერძოდ, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, იგი თითქმის გამორიცხავს (სულ მცირე, არსებითად აუფერულებს/აზრს უკარგავს) მის ქვეშ მოაზრებული პირის/ორგანიზაციის დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმს, პირად შეხედულებასა და ზოგადად, თავისუფალ პირთა ერთობის არსებობას სხვადასხვა იდეალისტური მიზნის მისაღწევად. ფაქტობრივად, ქართული ორგანიზაცია, რომელიც სადავო ტერმინის დეფინიციის სფეროში ექცევა, არსებობასა და საქმიანობას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „უცხოური ძალის ინტერესების” გამტარებლად დაიდენტიფიცირდება. „ – ვკითხულობთ სარჩელში.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ასევე, მიიჩნევენ, რეესტრში რეგისტრაცია, რომელიც მათ დაევალათ, „ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავია:
„ ორგანიზაცია, რომელიც უარს იტყვის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ რეესტრში რეგისტრაციაზე, დაჯარიმდება 25 000 ლარით (სადავო კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი) და მოხდება მისი იძულებითი რეგისტრაცია. იძულებითი რეგისტრაციის შემდეგ, ორგანიზაცია თუ „ნებაყოფლობით” არ წარადგენს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადს” , მას დამატებით დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით (სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ამგვარი განაცხადის საკუთარი ნებით წარუდგენლობა, ყოველ თვეს, დამატებით ჯარიმას დააკისრებს, 20 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მედია(ორგანიზაციები) საგარეო დახმარებას იღებენ პროექტების სახით. მიღებული რესურსების გამოყენება მათ მხოლოდ პროექტული მიზნების მისაღწევად, წინასწარ დამტკიცებული ბიუჯეტით შეუძლიათ. სხვაგვარად, მოსარჩელე ორგანიზაციას, ჯარიმის დასაფარად საკმარისი თანხა ანგარიშზე რომც ჰქონდეს, იგი ვერ შეძლებს მის გამოყენებას ჯარიმის გადასახდელად. მეტიც, საპროექტო ხელშეკრულებით იკრძალება მიღებული ფინანსური სახსრების საჯაროსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომისთვის — ჯარიმის გადასახდელად გამოყენება“,- აღნიშნულია სარჩელში.
აღნიშნული სარჩელის მოსარჩელეთა სიაში სხვა მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად არის „ქვემო ქართლის მედიაც“.
QvemoQartli.ge