საია: “Cellebrite-ს ტექნოლოგია ქართული ოცნების ხელში, შესაძლოა, პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი გახდეს”
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია Cellebrite-თან და მისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ციფრული აპარატურის გახსნის და მასში დაცული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
საკითხით საია დაინტერესდა და საზოგადოებას მოკვლევა წარუდგინა.
“აღსანიშნავია, რომ ამნესთი ინთერნეიშენალმა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ სერბეთის ხელისუფლება Cellebrite-ს პროდუქტებს იყენებდა აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მათი ტელეფონების უკანონოდ გასახსნელად და ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აღნიშნული, როგორც წესი, ხდებოდა სწორედ აქტივისტების უკანონო დაკავების და ჩხრეკის დროს, მათი თანხმობის და ცოდნის გარეშე.
ამნესთი ინთერნეიშენალის აღნიშნული ანგარიშის საპასუხოდ Cellebrite-მ 2025 წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ ამნესთის ბრალდებების შესწავლისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და რელევანტურ კლიენტებს მათი პროდუქტებით სარგებლობა შეუწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადამიანები პერსონალური მონაცემების დაცვის და ფარული მიყურადების კუთხით ისედაც არ არიან დაცული. ამას მოწმობს 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების გაჟონვა, რაზეც ეფექტიანი გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა. ამასთან, მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ სახელმწიფო აქტიურად იყენებს ისეთ პრაქტიკას, რომელიც პერსონალური მონაცემების უკანანო მოპოვებასთან და დამუშავებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილ-მაისის პროტესტების პერიოდში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია.
საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ნერგავს გარკვეულ ტექნოლოგიებს და შემდგომში იყენებს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისთვის ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის მიერ სახის და ემოციების ამომცნობი კამერების შეძენა, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ და სამომავლოდ შესაძლოა გამოიყენებოდეს პირთა იდენტიფიკაციისთვის და დისკრიმინაციული მიზნით თვალთვალისთვის. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი ტექნოლოგიები ხშირად გამოიყენება ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიზნით”, – ვკითხულობთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოკვლევაში.
QvemoQartli.ge