რუსთავში გახარიას შეხვედრას საეჭვო დრონი უთვალთვალებდა (ვიდეო)
რუსთავში, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შეხვედრას თავის გუნდთან და ამომრჩეველთან, საეჭვო დრონი დასტრიალებდა თავს.
შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთაველ 10 ოქტომბერს გაიმართა.
„ როცა შეხვედრას ვიწყებდით დრონით გვაკვირდებოდნენ. ეს აჩენს განცდას და ზემოქმედების ერთგვარი ბერკეტია მოქალაქეების მიმართ, თუმცა აქ იმდენად თავისუფალი ადამიანები, ახალგაზრდები სხედან, არა მგონია ბარიერი იყოს. ხელისშეშლის სხვადასხვა შემთხვევები იყო სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ხელისშეშლა სარეკლამო პლაკატების გაკვრისას. მათ შორის, ქალებს და ახალგაზრდებს ხელს უშლიდნენ საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში ქოცი ზონდერები, რომლებიც პარტიული ტიპის დავალებებს ასრულებენ ხოლმე.
თვალთვალის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყველა ასეთ შეხვედრას ესწრებიან, ფოტოგადაღებას ახორციელებენ. ასეთ „ქეისებზე“ სამართლებრივი რეაგირებისთვის გადაგზავნილია სამართალდამცავ უწყებებში, თუმცა არა მგონია არჩევნებამდე რაიმე რეაგირება მოხდეს“,- ბერდია სიჭინავა, პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი.
საეჭვო დრონის გამოჩენის დანიშნულებაზე საუბრობს „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილიც:
„ დრონი დაგვტრიალებდა თავზე, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში. გამოგზავნილი ჰყავდათ, არ ვიცი რა მიზნით, ალბათ იდენტიფიცირება რომ მოახდინონ და შემდეგ დღეებში რაღაც ზეწოლა განახორციელონ,“- ბექა ლილუაშვილი, პარტია „ საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
QvemoQartli.ge