რუსთავის 25-ე სკოლის რეაბილიტაცია მე-3 წელია გრძელდება

„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მე-3 წელია რუსთავის 25-ე სკოლის რეაბილიტაციას ცდილობს. სამუშაოები, 2020 წლის ბოლოს დაიწყო და დღემდე არ არის დასრულებული. 720 მოსწავლე, ორი სხვადასხვა სკოლაშია განაწილებული. მე-12 კლასის მოსწავლეები კი ონლაინ ფორმატით იღებენ განათლებას.

სკოლის დირექტორი  თეა ტაბატაძე აცხადებს, რომ სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და უნდა დასრულებულიყო, 2021 წლის ნოემბერში.

„ სხვადასხვა სამუშაოების დამატება გახდა საჭირო და რამდენჯერმე მოხდა კორექტირებაც. ბოლოს, მაისში გვპირდებოდნენ დასრულებას, თუმცა ისევ კორექტირებას ელოდებოდნენ და ვერ გეტყვით ზუსტად.

ბოლოს თქვეს, რომ ივნისის შუა რიცხვებში მაინც დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ სექტემბერში სწავლის განახლებას წინ არაფერი არ უნდა დაუდგეს. ვერ გეტყვით ზუსტად, ეს შეიძლება ჩემი სურვილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესრულებული უკვე და წესით, დასრულებას ხელი არ უნდა შეეშალოს“, – რუსთავის 25 სკოლის დირექტორი, თეა ტაბატაძე.

QvemoQartli.ge აღნიშნულ სკოლას 13 აპრილს ესტუმრა, თუმცა ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. მიზეზი კი, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელფასო დავალიანებაა, რომელიც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დასაქმებულების მიმართ აქვს.

სკოლის ეზოში ამჟამად სხვადასხვა სამშენებლო მასალა არის განთავსებული. რთული სათქმელია, რა ვითარებაა სკოლის შიგნით და სამუშაოების რა ნაწილია დასრულებული.

კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა დროში სკოლის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება პროცესი, პასუხებს ველით  „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-სგან. უწყებამ კითხვების წერილობით, ოფიციალური ფორმით, გაგზავნა ითხოვა. 18 აპრილიდან, ველით მათ განმარტებას.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით