,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის შენიშნვა, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბესო თუთბერიძემ მისცათ. ხოლო, მას შემდეგ რაც კოალიციამ პლაკატებისთვის ალტერნატიული ადგილის მითითება ითხოვა, მათ თუთბერიძის თანმხლები პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმეში საინტერესოა ის დეტალიც, რომ ,,ქართული ოცნების” და ე.წ თუთბერიძის და ,,ნაციონალების” ჯგუფს შორის ცემა-ტყებას, იქვე მდგარი პატრული თვალყურას ადევნება. მოგვიანებით კი თვითმხილველთა თქმით, პატრული კონფლიქტში ჩაერია და რატომღაც დაკავებით, მხოლოდ ,,ოცნების” აქტივისტები დააკავა.

მომხდარის შესახებ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილი კოალიციის წევრი, ლევან ონიანი გვესაუბრა. ონიანი იხსენებს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მისი საუბრით გაღიზიანდა. რაზეც მას ქუჩის გადაღმა მდგარი ნაციონალები გამოესარჩლნენ და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.

,, ბესო თუთბერიძე თავად იყო ჩხუბში ჩართული. უბრალოდ, გეტყვით რას აკეთებდა. როდესაც ნაციონალები ჩვენ საცემად მოდიოდნენ, უშვებდა ჩვენთან. ხოლო, როდესაც ჩვენ საპასუხოდ გაღიზიანებულებს მათი ცემა გვინდოდა, ჩვენ გვაჩერებდა და მათ აცემინებდა ჩვენს თავს. ამ დროს კი ამ ყველაფერს თვალყურას ადევნება რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა” , – იხსენებს ონიანი.

მას სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს. სიტყვა სავარაუდოს ვამბობთ, რადგან ონიანის მკურნალმა ექიმმა პაციენტის მდგომარეობაზე საუბარი მედიასთან არ ისურვა, რასაც ონიანის ახლობლების უკმაყოფილება  მოჰყვა. შესაბამისად, იმისთვის რომ  არ გავმხდარიყავით კონფლიქტის მიზეზი, საავადმყოფო ექიმის კომენტარის გარეშე დავტოვეთ. თავად ონიანის საუბრით კი გავიგეთ, რომ ძლიერი თავის ტკივილი აქვს. სახეზე ეტყობა ტრავმის კვალს.

პლაკატებთან დაკავშირებით ინციდენტს იხსენებს, კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ლაშა ხოტენაშვილი. მისი თქმით, ახალგაზრდებს ფიზიკურად თუთბერიძესთან ერთად ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

,, შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ ამ ჩხუბში მონაწილეობდა ,,ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქრო ტაბატაძე. სწორედ, მასთან და თუთბერიძესთან ერთად მოსული თანმხლებები გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ასევე, მინდა ვისაუბრო საპატრულო პოლიციის დადგმულ ერთ სცენაზე. მათ საპატრულო პოლიციის მანქანა დააჯახეს ჩვენ ავტომობილს. შემდეგ კი გადმოცვივდნენ მანქანიდან, ეცენ ჩვენ მძღოლს, ლაშა შენგელიას და წიხლებით გაუსწორდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მან დაარტყა მათ მანქანას. შემდეგ კი იმის ნაცვლად, რომ თუ დასაჭერები ვიყავით ყველა ერთად დავეჭირესთ, მხოლოდ ჩვენ, ოცნების ბიჭები დაგვიჭირეს. ,,ნაციონალებს” კი ხელით ანიშნებდნენ, გადით, დაგითო-ო” – იხსენებს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, ლაშა ხოტენაშვილი.

საბოლოოდ რუსთავის საპატრულო პოლიციამ, მხოლოდ კოალიციის 4 აქტივისტი დააკავა. მათი პროცესები რუსთავის საქალაქო სასამართლოში შედგა.

მოსამართლის პირისპირ, ერთ მხარეს, საპატროლო პოლიციის ტაბელური იარაღით შეირაღებული პოლიცილები იჯდნენ და მეორე მხარეს, ,,ქართული ოცნების” დაკავებული, ნაცემი აქტივისტები.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თეა ხამხაძეს არ გასჩენია კითხვა, თუ სად არის ჩხუბის მონაწილე მეორე მხარე. თავისი მხრივ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოალიციის ახალგაზრდები მათ არ დაემორჩილნენ და ამისთვის არიან ახლა დაკავებულნი.

სასამართლოს წინაშე კი სიტყვით გამოსული ყველა ,,ქართული ოცნების” წევრი მათ წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრდა. მათი თქმით, რუსთავის ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და მისი აქტივისტები მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულები ამბობდნენ, რომ ისინი არა დამნაშავეები, არამედ დაზარალებულები არიან.

მოსამართლემ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას კოალიციის წევრი ახალგაზრდები პოლიციის მხრიდან მათ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ.
საბოლოოდ, დაკავებული პირებს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.

,, სასამართლომ კოალიციის წევრები ფულადი ადმინისტრაციული სახდელებით დააჯარიმა. შესადამისად: ოცნების წევრ თორნიკე შენგელიას დაეკისრა 100 ლარიანი ჯარიმა, ლაშა შენგელიას 400 ლარიანი, ზურაბ ზურაბიანს და გიორგი დარბაიძეს 400 ლარიანი. გადაწყვეტილება ცხადია, არ არის სამართლიანი. საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის. და საერთოდ რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი, როდესაც ადამიანი მოსამართლის წინაშე პოლიციის მხრიდან წიხლის ჩარტყმაზე საუბრობს და ამაზე რეაგირება არ არის” – საუბრობს ,,ქართული ოცნების” იურისტი, ლაშა გულუბიანი. ის რუსთავის სასამართლოზე კოალიციის წევრების ინტერესებს იცავდა.

კომენტარისთვის, სასამართლოს დარბაზიდან გამოსულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მივმართეთ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ კომენტარის გაკეთება არ სურთ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურმა გაგვიკეთა. მათი თქმით, მერიის ზედამხედვბელობის სამსახურის ხელმძღვანელს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო კორძაიამ განაცხადა, რომ თუთბერიძე ერთ-ერთ შემოვლას აწარმოებდა ქალაქში, როდესაც შენიშნა ,,ოცნების” აქტივისტები და მათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშნვა მისცა. კორძაია გამორიცხავს თუთბერიძის მხრიდან ვინმეს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ცნობილი ხდება, რომ 22 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” პლაკატების გაკვრის გამო რუსთავში სხვა ინციდენტიც მოხდა. კოალიციის წევრი ბექარ ბედიანიძე, ამბობს რომ პლაკატების გაკვრის გამო მას და ერთ კოალიციის წევრს ადგილობრივი ,,ნაციონალები” ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბედიანიძეს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

,,ქართული ოცნების” რუსთავის შტაბი ითხოვს შეწყდეს მათი ახალგაზრდა მხარდამჭერების დევნა და მათთვის პროვოკაციების მოწყობა. თავად კოალიციის ახალგაზრდები კი ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე სათითაოდ ყველა მათი აქტიური წევრის დაკავება იგეგმება და ამბობენ, რომ მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენენ.

მანონ ბოკუჩავა