რას მალავს გარდაბნის მერი: დეკლარაციიდან გამქრალი ცოლი

დავით კარგარეთელი დეკლარაციების შევსებას 2016 წელს იწყებს. ოჯახის წევრად მას მითითებული 2 შვილი და მეუღლე, თინათინ ძამაშვილი ჰყავს.

ამ დეკლარაციის მიხედვით, კარგარეთელი მარტყოფში 12,5 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. მისი, როგორც გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 18 ათასი ლარი აქვს (2016 წლის დეკლარაცია), ხოლო მეუღლეს, როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ააიპ საბიბლიოთეკო გაერთიანების სპეციალისტს, 1,9 ათასი ლარი.

2017 წლის დეკლარაციაში კარგარეთელმა მემკვიდრეობით მარტყოფში დამატებით 8 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო. ანუ ამ ქონებაში მას თანხა არ გადაუხდია. ამ დეკრაცაიაში მისი, როგორ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შემოსავალი 23.3 ათასი ლარია. მისი ცოლის კი 2.7 ათასი ლარი.

2018 წლის დეკლარაციაში ჩანს, რომ კარგარეთელმა და მისმა ცოლმა მიწის იჯარით გაყიდვის შემდეგ შემოსავალი, ჯამში 66 ათას ლარზე მეტი მიიღეს. თუმცა, ისინი კლავ ფლობენ 12.5 ათას კვ.მ მიწის ნაკვეთს მარტყოფში.

2020 წელს კარგარეთელების ოჯახი 10,5 ათას ლარს იხდის 7.8 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს მარტყოფში, ხოლო 4 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი მას უფასოდ, მემკვიდრეობით გადაეცა. ჯამში ამ დეკლარაციის მიხედვით ის 19.5 ათას კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. აღსანიშნავია, რომ დავით კარგარეთელის მეუღლე ამ დეკლარაციაში იცვლის სამსახურს და უკვე აა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპეციალისტია.

2021 წელს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ კარგარეთელმა, როგორც მერის პირველმა მოადგილემ 18.2 ათასი ლარი აიღო ხელფასად, ხოლო მისმა ცოლმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სპეციალისტად 3.2 ათასი ლარი. აქ დავით კარგარეთელის ოჯახს უძრავი ქონების ფართობი კვლავ გაეზარდა და ოფიციალურად ცოლთან ერთად ჯამში 24,2 ათას კვ.მ მიწის ფართობს ფლობს.

2022 წელს 16,7 ათას კვ.მ მიწის ფართობსა და ერთერთ მიწაზე განთავსებულ 200 მ2 საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობებს ფლობს. შენობა-ნაგებობები: N1; N2; N3; N4; N5; მას თანასაკუთრებაში თამარ გულბანთან და გაიანე კარგარეთელთან ერთად აქვს. თავის მხრივ, თამარ გულბანი გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფის საექიმო ამბულატორიის დირექტორია.

ბოლოს დავით კარგარეთელმა დეკლარაცია 2023 წელს, 26 ოქტომბერს შეავსო. სადაც  აღარ ჩანს მისი მეუღლე. მას მხოლოდ 2 შვილი ჰყავს დეკლარაციაში შეყვანილი. დაფიქსირებული აქვს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ჯამში 11,7 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ზემოთხსენებული 200 მ2 საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით. გამოდის, რომ დავით კარგარეთელი არ ასაჯაროვებს იმ ქონებას, რომელიც მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული.

რისი დამალვა სურს მერს

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარირების მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, აგრეთვე მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი პირი, რეგისტრაციის მისამართის მიუხედავად.

თუ კარგარეთელი 2024 წლის დეკლარაციაში ცოლს კვლავ არ მიუთითებს, გამოდის, რომ ის ოჯახის ამ ქონებას დამალავს, როგორც ამას 2023 წელს აკეთებდა. ბოლო დეკლარაციაში ინფორმაციის დამალვის გამო არ ვიცით, სად და რა თანამდებობაზე მუშაობს ახლა მისი ცოლი, რომელიც ძირითადად მერიის აიპებში სპეციალისტად მუშაობდა.

კომენტარისთვის დავით კარგარეთელს დავურეკეთ. მან ისურვა, რომ კითხვები წერილობით, ელ.ფოსტით მიეღო. ჩვენც დავთანხმდით და მივწერეთ, რით ხსნიდა საკუთარი მეუღლის დამალვას ბოლო დეკლარაციაში, თუმცა მან თავის არჩეულ ფორმატშიც არ გვიპასუხა.

9 სექტემბერს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. კანონის მიხედვით, აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია.

მომდევნო დეკლარაციის შევსება დავით კარგარეთელს ბოლო შევსებიდან 1 წელიწადში ევალება. რას შეცვლის გარდაბნის მერი 2024 წლის დეკლარაციაში, დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გავიგებთ. თუმცა, ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნების წესის ცვლილების გამო, დოკუმენტის გასაჯაროებას ჩაბარებიდან 48 საათის ნაცვლად, 60 დღემდე უნდა ველოდოთ.

QvemoQartli.ge