ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „რუსულ კანონს” არ დაემორჩილება
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრთა საერთო კრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდება.
ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან“.
ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს” 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.