პროფესიული კურსები, ენების შესწავლა – ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახალგაზრდებისთვის

არიზ დაშდამირლი პროფესიით ფილოლოგია და ქართულ ენას თავისსავე დაარსებულ ორგანიზაციაში – “ახალი აზროვნების ინსტიტუტ ასწავლის.

ორგანიზაცია უკვე 7 წელია არსებობს და ამ დროისთვის, პროფესიული თუ კარიერული ზრდის განვითარების შესაძლებლობას ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულის ორ სოფელში, ხულდარასა და მოლაოღლიში მდებარე ოფისებში სთავაზობს.

“ახალი აზროვნების ინსტიტუტს” ყველა ასაკის ბენეფიციარი ჰყავს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტული ახალგაზრდები და განათლების სფეროა, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ქართული ენის სწავლებას ენიჭება.

არიზ დაშდამირლი, რომელიც ამავე დროს, ორგანიზაციის დირექტორიცაა, სიამაყით აღნიშნავს, რომ 2021-2022 წლისთვის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროექტის ფარგლებში, 32 აბიტურიენტი საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. პროექტი ოთხი წელია ხორციელდება „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით და, ამ დროის განმავლობაში, სტუდენტი 102 აბიტურიენტი გახდა.

ქართული ენის სწავლების გარდა, ახალგაზრდების განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და თვითგანვითარების ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაცია ახორციელებს მასშტაბურ და გრძელვადიან პროექტებს, რომლებიც მოიცავს უცხო ენების კურსებს, განმავითარებელ ტრენინგ-სემინარებს, მოსამზადებელ კურსებს, გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ა.შ.

ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები და მოხალისეები აღნიშნავენ, რომ “ახალი აზროვნების ინსტიტუტში“ ყველაზე მეტად არაფორმალური და უშუალო გარემო მოსწონთ. აქ მიღწეული შედეგები კი თვალსაჩინო უკვე მთელი რეგიონისთვისაა.

ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერულ და პერსონალურ განვითარებაზე კიდევ ერთი ორგანიზაცია – „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ზრუნავს.

ცენტრის პირდაპირი ბენეფიციარები ზრდასრულები არიან, თუმცა  მას ახალგაზრდებიც ხშირად აკითხავენ. მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც არიან.

ორგანიზაცია 2021 წელს DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა და ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი სხვადასხვა სერვისით, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ქალაქ ბოლნისში სამსართულიან შენობაში მოქმედი  ცენტრი სახელოსნოების, აუდიტორიებისა და საჭირო აღჭურვილობის წყალობით, მსმენელებს უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ყველა პირობას უქმნის.

ცენტრში მოქმედებს თექის, სუვენირების ქსოვის, ქარგვის, მინანქრის, შედუღების, ელექტრობის, იატაკის ფილების დაგების, ლესვის, ხეზე კვეთის, ხატვის, ბუღალტერიის, მაკიაჟის, ჭრა-კერვის, კომპიუტერების, უცხო ენების, კონდიტერიის, Microsoft Teams-ის პროგრამის კურსები.

ახლახან „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტში“ ევროკავშირის მხარდაჭერით, დაქირავებით დასაქმების მსურველთათვის ტრენინგების სერია დაიწყო. მსმენელები შეხვედრებზე სამუშაოს მოძიების უნარებს გაიუმჯობესებენ, გაეცნობიან შესაბამის პლატფორმებს და გასაუბრების ძირითად პრინციპებს.

 წყარო: ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

აღნიშნული, ორივე ორგანიზაცია, ქვემო ქართლიდან სხვა ხუთ ორგანიზაციასთან ერთად CENN-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის მონაწილეები არიან, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ისინი ინსტიტუციურად კიდევ უფრო განვითარდებიან და გაძლიერდებიან.

ავტორი: ნინო გელაშვილი

 მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით. ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qvemoqartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.