# თქვენი რეკლამის ადგილი

პროტესტის ხელოვნება – სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანების მრავალფეროვანი პროტესტი

თბილისში საპროტესტო აქციების ფორმა შეიცვალა. პროტესტმა საღამოს პარლამენტის ნაცვლად, დღისით, ქალაქის სხვადასხვა ადგილზე გადაინაცვლა. პარალელურად აქციები იმართება რეგიონებშიც. აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან.

საპროტესტო მსვლელობებს აწყობენ IT/TECH სფეროს წარმომადგენლები, ხელოვანები, მარკეტერები და ლიტერატორები. თითქმის ყველა პროფესიის კომუნას საკუთარი დღის წესრიგი აქვს. მუსიკოსები, მსახიობები და რეჟისორები კულტურის სფეროს წარმომადგენლები სამინისტროსთან აპროტესტებენ პროდასავლური კურსის შეცვლას. სტარტაპერები ტექნოპარკთან გეგმავენ აქციებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან, მუსიკის სფეროს წარმომადგენლები კი კონსერვატორიის შენობასთან. უზენაეს სასამართლოსთან კი იურისტები შეიკრიბნენ. ჟურნალისტები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაშავებულებს. ცალკე იკრიბებიან კომიკოსები, ელექტრონული მუსიკის და საკლუბო სივრცეების წარმომადგენლები, დედები და ბებიები. საზოგადოების ყველა ჯგუფი საბოლოოდ მაინც პარლამენტის წინ, საერთო მოთხოვნებით ერთიანდებიან.

,,თბილისის პროტესტს მხარში ბათუმი უდგას,” – მიუხედავად უამინდობისა, ბათუმში აქციები უკვე მეთვრამეტე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. იმართება მასწავლებლების მარშიც. 15 დეკემბერს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების პერფორმანსი გაიმართა, სადაც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკანონოდ დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს, რომლებიც პროდასავლურ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ქუთაისშიც. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს ჩატარებული არჩევნები და მთავრობას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობა აქციაზე ძირითადად დედაქალაქში დადის, რუსთაველების მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის შენობამდე რამდენჯერმე გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ გადადგმულ ანტიდასავლურ ნაბიჯებსა და ძალადობას აპროტესტებდნენ. ისინი პოლიციას სთხოვდნენ, რომ უარი ეთქვათ უსამართლო დალავებების შესრულებაზე და ხალხის მხარეს გადასულიყვნენ.

პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართა ბიზნესის სექტორმა. ასობით კომპანიამ უარი თქვა თბილისის მერიასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებზე მონაწილეობაზე უარი თქვა. შეიქმნა ,,თავისუფალი ბიზნესის პლატფორმა,” სადაც 300-ზე მეტი კომპანია მხარს უჭერს განცხადებას, რომ ,,დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება.”