ონისე ცხადაძის საქმე

ონისე ცხადაძე, 28 წლის, იუმორისტი, სთენდაფერი, დააკავეს 2024 წლის 5 დეკემბერს.

ონისე ცხადაძეს პროკურატურა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის ქმედებებში მონაწილეობას ედავება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პროკურატურა აცხადებს, რომ ონისე ცხადაძე 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს, ბოთლს და სხვა მძიმე საგანს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ორგანიზაციამ  “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI)   შეისწავლა ონისე ცხადაძის საქმე და მიიჩნევს რომ ცხადაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

” ონისე ცხადაძის ბრალდების საქმეში კი არათუ მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისმა ქმედებამ ვინმეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, არამედ, საქმეში საერთოდ არ არის დაზარალებული პირი – საქმეში პროკურატურას ონისე ცხადაძის ქმედების გამო დაზარალებული არ ჰყავს, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს პროკურატურა მოცემულ საქმეში სისხლის სამართლებრივ დევნას ერთი მხრივ, საპროტესტო აქციების იმიჯის დასაზიანებლად იყენებს, ვინაიდან მას წარმოაჩენს, როგორც ძალადობრივს, ხოლო მეორე მხრივ, ონისე ცხადაძის და სხვა პირების რეპრესიებითა და დაპატიმრებით, მათ საპროტესტო ტალღის ტერორისა და საზოგადოების დაშინების ინსტრუმენტად იყენებს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე ონისე ცხადაძეს სისხლისსამართლებრივი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდად პოლიტიკური მიზნითა და მოტივით, ისე, რომ მის ქმედებას არ აქვს კავშირი რაიმე სახის დანაშაულთან,” – GDI.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ონისე ცხადაძის პატიმრობა შეფარდებული აქვს წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, ქმედებისთვის რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე დანაშაულთან.

ამასთან, GDI-ს დასკვნაში ვკითხულობთ რომ ონისე ცხადაძის პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ცხადაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებულ სტანდარტებთან – პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაედო აბსტრაქტული, ზოგადი და სტერეოტიპული არგუმენტაცია, რა დროსაც პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ არსებობდა არა მხოლოდ პატიმრობის გამოყენების, არამედ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

” ონისე ცხადაძე არის პოლიტიკური პატიმარი. მისი საქმე წარმოადგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის N1900 რეზოლუციის „b“ და “e” კრიტერიუმებით გათვალისწინებულ შემთხვევას. პოლიტიკური პატიმარი, ონისე ცხადაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!”- “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI)  

GDI სწავლობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.