მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მათ შორის:
- მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;
- წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის კოდექსში „ოცნება“ შემდეგ ცვლილებებს გეგმავს:
- ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით;
- იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის, ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება პატიმრობით 5- დან 6 წლამდე ვადით;
- ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში;
- სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც;
- ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც;
- ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მხრიდან დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
“არ ვიცი, არ ვიცი. მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!
თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!
ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.
ეხ… რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.
QvemoQartli.ge