მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის, კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულის Facebook გვერდმა, 22 სექტემბერს, გააზიარა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ვიდეო, რომელიც გადაღებულია პარტიის რეგიონულ შეხვედრაზე რუსთავში.

ვინაიდან, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის  იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურების გამოყენება –  ,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ Facebook გვერდის მიერ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი პოსტის გავრცელება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეაფასა და გაასაჩივრა.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის მერს სთხოვა განემარტა, ვის მიერ (სახელის, გვარისა და პოზიციის მითითებით) ხორციელდებოდა აღნიშნული ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრირება და წარმოადგენდა თუ არა იგი თვითმმართველობის ნაწილს.

მერმა, კენან ომაროვმა განმარტა, რომ კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის სოციალური მედიის გვერდი არ წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ გვერდს და მის ადმინისტრირებას არ ახდენს მარნეულის მუნიციპალიტეტი.

მერის პასუხის საფუძველზე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისია წერს, რომ სოციალური მედია საშუალებების გამოყენების კუთხით, აკრძალულია მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდისა ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედიის გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არ დასტურდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საქართველოს ორგანული კანონის დარღვევა და არ არსებობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი.

QvemoQartli.ge