კანონი, ჩემი შეფასებით, ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დასუსტებას და ლიკვიდაციას – შაუმიანის სათემო ცენტრი

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2010 წელს  სათემო ცენტრი დაარსდა. მისი მიზანი,   განათლების დონის ამაღლების და განვითარების გზით იძულებით გადაადგილებული პირების, ეროვნული უმცირესობების, ეკომიგრანტების, ინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.  ცენტრის დირექტორის, ნათია ოქროპირიძის თქმით „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ ყველა ეს საქმე კითხვისნიშნის ქვეშ დგება. ის აგენტად დარეგისტრირებას არ აპირებს:

„ ცენტრი ხელს უწყობს დევნილი ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, დევნილი და ეკომიგრანტი ქალების მეწარმეობის ხელშეწყობას. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ვცდილობთ უფრო მასშტაბური გავხადოთ  საქმიანობა.

ჩვენი ცენტრის ძირითადი დონორი ორგანიზაცია არის გერმანიის სახალხო უნივერსიტეტი, DVV international. ჩვენი საქმიანობა მოიცავს პროფესიულ სწავლებას, მეწარმეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების გააქტიურებას და ა. შ. კანონის ამოქმედების შემდეგ, არ ვიცი როგორ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას.

აღნიშნული კანონი, ჩემი შეფასებით,  ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედია საშუალებების დასუსტებას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ასევე, ვფიქრობ ,რომ საზოგადოებაში დაამკვიდრებს სტიგმას, რაც ჩვენს მიმართ ნდობას და დამოკიდებულებას გარკვეულწილად შეცვლის. ასევე გაურკვეველია ზოგადად შევძლებთ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას „ – ნათია ოქროპირიძე, შაუმიანის სათემო ცენტრი.

აღნიშნული კანონის მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების შედეგებს უკვე ვხედავთ რუსეთსა და ბელარუსში.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიმოხილვაში, ქრონოლოგიურად ვხედავთ თუ როგორ გახდა ეს კანონი რუსეთში ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტროლის მექანიზმი, რომელსაც ათასობით ადამიანის თავისუფლება და სიცოცხლე შეეწირა.

„რუსული ტიპის კანონი განვითარებად დემოკრატიისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო საფრთხეს. ავტორიტარიზმის განმტკიცების გარდა, ასეთი კანონი – სათანადო ჩამკეტი მექანიზმებისა და სანდო, გამართული სასამართლო სისტემის გარეშე – არამარტო იწვევს სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა დამოუკიდებელი ადამიანისა თუ ორგანიზაციის დემონიზებას, არამედ შესაძლებლობას აძლევს ავტორიტარს გამოიყენოს ეს კანონი ნებისმიერი ადამიანისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რა არის თავდაპირველად კანონის დეკლარირებული მიზნები და ამოცანები“ – ევროპულ-ქართული ინსტიტუტი.

ყოველივე ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

QvemoQartli.ge