„ თუ იქნება ეს კანონი, მაშინ არ ვიქნებით ჩვენ“

მოქალაქეების აქტიური პროტესტის და  დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონად“ ცნობილ საკანონმდებლო ინიციატივას: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“.

როგორ აისახება კანონის ამოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საუბრობენ ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტატიების სერიას QvemoQartli.ge მიმდინარე თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

უკვე მრავალი წელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)“  ფუნქციონირებს. მის სახელს   სამოქალაქო, სოციალური და სხვა მიმართულებებით  განხორციელებული არაერთი პროექტი  უკავშირდება.

„ თუ იქნება ეს კანონი, მაშინ არ ვიქნებით ჩვენ“ – ასე ეხმაურება ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას და ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიზანი  განსხვავებული მოსაზრებების გაქრობაა:

„ ეს კანონი ემსახურება ყველა იმ ორგანიზაციისა და პირის დაშინებას, შანტაჟსა და გაჩუმებას, ვისაც აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი ნებისმიერ თემაზე. ვისაც შეუძლია იყოს კრიტიკული მის მიმართ.

ამ კანონის მიზანია მოსპოს ალტერნატიული აზრი და დაამყაროს ერთპიროვნული მმართველობა. ეს კანონი ემსახურება საქართველოში რუსული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს პროგრესული სამყაროსგან იზოლაციამდე და ხელს უწყობს ოლიგარქიულ მმართველობას,  გაუმჭვირვალედ და უკონტროლოდ ბიუჯეტის ხარჯვას და გადაწყვეტილების მიმღებებად მხოლოდ მორჩილების ნიშნით ადამიანების არსებობას, ვერტიკალურ მმართველობას. შესაბამისად, ცივილურობის მაჩვენებელი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოშლას და საბოლოოდ დიქტატორული რუსეთის კოლონიად ფორმირებას“, – გულიკო შოშიტაშვილი, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG).

გულიკო შოშიტაშვილი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია „დეკლარირებული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან.“

დასძენს:

„ ჩვენი ბოლო პროექტი კოდის დევნილთა დასახელებაში სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება იყო. სასმელი წყლის მიწოდება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხომ მართალია? რამდენად ნორმალურია, რომ საკუთარი საცხოვრებლიდან იძულებით გადმოსახლებული ადამიანები, ზოგიერთი მეორედ და მესამედ ომს გამოქცეული ოჯახი მე-16 წელია უწყლოდ აცხოვრო და არაფერი/ვერაფერი გააკეთო ამის მოსაგვარებლად? გამოჩნდეს ვინმე, ვინც იმუშავებ იმისთვის, რომ ადამიანებმა წყალი მიიღონ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაა თუ მათი სასიცოცხლო უფლებების დაცვა? მიპასუხოს ხელისუფლებამ!

ჩვენს მთავარ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ შევქმენით ორგანიზაციის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მინიმალური დაფინანსების პირობებში იცავს მოქალაქეების ინტერესებს და არის დამოუკიდებელი. ჩვენი დამსახურებაა მუნიციპალიტეტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურის დანერგვა, ჩვენი საქმიანობით ამისი დემონსტრირება და  მისი დამკვიდრების მრავალი მცდელობა“ –  გულიკო შოშიტაშვილი, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG).

კანონის მიერ შექმნილ რისკებზე და ვითარებაზე რაც შეიძლება მან შექმნას, პოლიტიკის მკვლევრები აქტიურად მსჯელობენ. „რონდელის ფონის“ მკვლევარი ნინო მაჭარაშვილი იკვლევს საკითხს და წერს, კანონის შედეგებზე. ვითარების გაანალიზების შემდეგ მიდის დასკვნამდე, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო ვეღარ შეასრულებს ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსთან ერთად გაცემულ რეკომენდაციებს (9 ნაბიჯს), კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს, შექმნას სათანადო გარემო სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად საქმიანობისთვის (ნაბიჯი 9) და ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას (ნაბიჯი 1).  შესაბამისად, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციებად შეწყვეტენ საქმიანობას, რეგისტრაციის შემთხვევაში კი ვერ შეძლებენ თავისუფლად და ჯეროვნად ფუნქციონირებას. მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გაქრობით საქართველოს მოსახლეობა, ერთი მხრივ, დაკარგავს წვდომას იმ სარგებელზე, რომელსაც აქამდე უცხოური დონორების ხელშეწყობით იღებდა (უფასო სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, მცირე გრანტები, …), მეორე მხრივ კი, ვეღარ მიიღებს ინფორმაციას აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხსა და ქვეყნის დემოკრატიულობის დონეს. ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯი კი, სავარაუდოდ, კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელება და ინდივიდების „აგენტებად“ გამოცხადება იქნება, როგორც ეს თავის დროზე რუსეთში მოხდა.

ყოველივე ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ სამოქალაქო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

QvemoQartli.ge