„ თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა, უცხოური აქტორების მიერ ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლაში დახმარება გაწიოს“ – EU
ევროკავშირის დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი გვთავაზობს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის ბლოგს.
საინფორმაციო მანიპულირების ოპერაციების გაზრდა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, ბოროტი ზრახვების მქონე უცხოელმა აქტორებმა, განსაკუთრებით პუტინის რუსეთმა, უკვე არსებული საინფორმაციო მანიპულირების ოპერაციები ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო გაზარდეს. ეს ოპერაციები არის ჰიბრიდული და კიბერშეტევების უფრო ფართო ნაკრების ნაწილი, რომელსაც უცხო სახელმწიფოები და განსაკუთრებით რუსეთი ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ ახორციელებენ.
რუსეთმა საინფორმაციო მანიპულირებისთვის გამოიყენა სოციალური მედიის ფართოდ გავრცელება და ასევე იაფი ოპერაციები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ყალბი ბოტ -ანგარიშები აძლიერებს ტყუილს და ალგორითმებით მანიპულირებს. უკეთესი მანქანური თარგმანი ხელს უწყობს მეტი მოცულობით და უფრო ფართო ენობრივი დაფარვით საქმიანობას. კერძოდ, რუსეთი ქმნის „ორეულებს“ – ვებსაიტებს ან ონლაინ პროფილებს, რომელიც თავს ავთენტურ საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებს, მაგრამ სინამდვილეში ყალბი საიტებია, რომელიც ცდილობს ხალხს აფიქრებინოს, რომ ის კარგი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტების ან პოლიტიკოსების მიერ მოწოდებულ მასალებს ხედავს.
როდესაც პროპაგანდისტები თავიანთ კამპანიებს შეიმუშავებენ, უკვე არსებული მწვავე პოლიტიკური თემების გამოყენებას ცდილობენ. ამას ემატება სკანდალური განცხადებები ან ემოციებით დატვირთული შინაარსის ინფორმაცია და ამ კამპანიებს შეუძლია ონლაინ სივრცეში სწრაფად და ფართოდ გავრცელდეს. სოციალური მედიის გადაუმოწმებელი პლატფორმები რუსეთის და კრემლის მხარდამჭერ ოპერატორებს სთავაზობს იაფ და სწრაფ ინსტრუმენტებს საზოგადოებების მოსაცავად, რომლებიც სხვაგვარად კრემლის მხარდამჭერ ხმებს სულაც არ მოუსმენდნენ. კრემლის მხარდამჭერი პლატფორმები ცდილობს დააბინძუროს საინფორმაციო გარემო არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ შელახოს ევროკავშირის რეპუტაცია ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ბალკანეთში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში. ეს ყველაფერი 20-ზე მეტ ენაზე.
”კრემლის მხარდამჭერი პლატფორმები ცდილობს დააბინძუროს საინფორმაციო გარემო არა მხოლოდ ევროკავშირის შიგნით, არამედ მისი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში შელახოს.”
პუტინის რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიებს ფართოდ აწარმოებს ბოტები და სხვა არაავთენტური ტაქტიკები იმისთვის, რომ მოახდინოს ალგორითმებით მანიპულირება და ამ ინფორმაციას ჩვენი სოციალური მედიის სივრცეში მეტად და პირველს ვხედავდეთ. ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების სხვა ეროვნულ ლიდერებთან ერთად, კრემლის თავდასხმების რეგულარული სამიზნე ვარ. ჩვენ ყველანაირ ბოროტებას გვაბრალებენ. ბოლო დროს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი განსაკუთრებით ყალბი და ვულგარული თავდასხმების ცენტრშია. ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სანჩესი. „ორეულის“ თავდასხმის თვალსაჩინო მაგალითი ცოტა ხნის წინ იყო ჩემი კოლეგა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაერბოკი, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგო ოპერატიული ნაბიჯები გადადგა.
საინფორმაციო მანიპულირების ეს ოპერაციები მხოლოდ ონლაინ სივრცეში არ რჩება, ასევე რეალურ ცხოვრებაში ხდება. წლის დასაწყისიდან საფრანგეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ რუსეთის სამსახურები ორჯერ ცდილობდნენ საფრანგეთში პოლარიზაციის გაზრდას და სიძულვილის გავრცელებას პარიზში ანტისემიტური აქციების მოწყობით, გარკვეული შენობების კედლებზე დავითის ვარსკვლავების და ჰოლოკოსტის მემორიალზე წითელი ხელებით მიხატვის საშუალებით.
სერიოზული საფრთხე უსაფრთხოებისთვის
ეს მავნე ქმედებები უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ორი წლის წინ, „სტრატეგიულმა კომპასმა“, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიამ უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევასთან (FIMI) ბრძოლა თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად წარმოადგინა.
ევროკავშირის საინფორმაციო სივრცის ცრუ შინაარსით დატბორვის მიზნით რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კამპანიები, საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ დემოკრატიული დებატების წარმართვას, განსაკუთრებით არჩევნების დროს. ამ გამოწვევის გადასაჭრელად უნდა მივმართოთ ინვესტიციები ოთხ სფეროში: სიტუაციის გააზრება, საზოგადოების მდგრადობა, საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები და მარეგულირებელი ინსტრუმენტები.
ევროპული არჩევნების სრულყოფილად ჩასატარებლად ევროკავშირის მასშტაბით წევრმა ქვეყნებმა საჭირო სისტემები დანერგა და რესურსების მობილიზება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა გვეშინოდეს მათი, ამ უცხო სახელმწიფო აქტორების ბოროტი ზრახვების შესახებ უნდა ვიცოდეთ. მოქალაქეებისთვის ფაქტების გაცნობა ყველა სახის ტყუილისა და შეთქმულებასთან საბრძოლველად საუკეთესო იარაღია. ჩვენი მოწინააღმდეგეების მავნე ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების გამოვლენით, ჩვენს დემოკრატიულ გადაწყვეტილების მიღებაზე ამ თავდასხმების გავლენას ვზღუდავთ.
„მოქალაქეებისთვის ფაქტების გაცნობა საუკეთესო იარაღია ყველა სახის ტყუილისა და შეთქმულებასთან საბრძოლველად და მათი გავლენის შესამცირებლად.“
ბოლო წლების განმავლობაში, უცხოეთის მხრიდან საზიანო ჩარევის, დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების და მონაცემთა გადინების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ევროკავშირმა შესაბამისი ზომები და სისტემები დანერგა. გავაძლიერეთ უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კოლექტიური რეაგირებისთვის მზად ვიყოთ. ასევე ჩვენი კოლექტიური თავდაცვისა და რეაგირების არსენალის გასაძლიერებლად G7-თან და მის სწრაფი რეაგირების მექანიზმთან ვთანამშრომლობთ.
რეგულარულად ვმუშაობდით აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან, ტექნიკურ კომპანიებთან და პლატფორმებთან ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, რათა უკეთ გავიგოთ და ვებრძოლოთ უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას. ჩვენი მუშაობა ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით EUvsDisinfo პლატფორმის მეშვეობით, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის შემთხვევების შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა აქვს.
რეგულირების სფეროში, სიტყვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას შორის დელიკატური ბალანსი ყოველთვის უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენს დემოკრატიას განსაკუთრებით სჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის ფხიზლად ყოფნა. ახლახან მიღებული ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი (DSA) გვაძლევს სოციალური მედიის პლატფორმებთან ურთიერთქმედების ახალ და ეფექტიან შესაძლებლობებს იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებით ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ჩვენს ინსტრუმენტთა ნაკრებში, მაშინაც კი, თუ სხვებიც გვჭირდება.
ასევე პირადი პასუხისმგებლობა
ასევე თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობაა, უცხოური აქტორების მიერ ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლაში დახმარება გაწიოს. როგორც ახალი ამბების მომხმარებლებმა, რეგულარულად ცოტა ხნით უნდა შევჩერდეთ ჩვენი საინფორმაციო დიეტის „სისაღის“ შესამოწმებლად. ჩვენი სამომხმარებლო დიეტის მსგავსად, არის თუ არა ის საკმარისად მრავალფეროვანი და ჯანსაღი? არის თუ არა ის შემოწმებული, რედაქტირებული და გამოცემული კარგი რეპუტაციის მქონე გამომცემლების მიერ, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს იცავს და შეიძლება რომ პასუხი აგოს? როგორც არ უნდა მივიღოთ მხოლოდ უსარგებლო საკვები, ასევე ჩვენი საინფორმაციო დიეტა ხარისხსა და კარგი რეპუტაციის მქონე შინაარსზე უნდა იყოს აგებული.
დაბოლოს, ევროპის არჩევნებზე ხმის მიცემის დრო ახლოვდება. მსურს გამოვიყენო ამ ბლოგში გამოქვეყნებული პოსტის შესაძლებლობა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ყველა მოქალაქეს ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ხმის მისაცემად გამოვიდეს. გარეთ გამოსვლისა და ხმის მიცემის აქტი თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავტორიტარული და იმპერიალისტური ძალებისგან ჩვენი დემოკრატიების დასაცავად. თუ თვითონ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ამას თქვენს მაგივრად სხვები გააკეთებენ.
ავტორი: ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.