ევროკავშირი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური სერვისების გაუმჯობესებისთვის

სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტია, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – CTC და ქვემო ქართლის მედია – ერთად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.

პროექტი მასშტაბურია და სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებას სხვადასხვა საგრანტო ინიციატივების მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა არაერთი პროექტი.

დაფინანსებული პროექტები მრავალფეროვანია და ყველა მათგანი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესებას ემსახურებასაშუალოდ თითოეულ გრანტზე დაახლოებით 12,000 ევრო გაიცა, რამაც ჯამში 98,000 ევრო შეადგინა.

CENN-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა არის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი.“ მათი ინიციატივა ემსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების ხელშეწყობას, დიაგნოზის ნიშნების ადრეული ამოცნობის შესაძლებლობის გაზრდითა და სტიგმატიზაციის შემცირებით.

პროექტის განხორციელების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განვითარების შეფერხებისა და აუტიზმის მქონე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ეფექტიანი, ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ თერაპია.

ქცევით თერაპიას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვს განვითარებაში შემდეგი მიმართულებით:

  1. გაიუმჯობესოს კომუნიკაცია, ადვილად ადაპტირდეს კოლექტივში;
  2. განავითაროს სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
  3. შეიცვალოს ქცევითი დარღვევები;
  4. ხელი შეეწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას;
  5. დაეუფლოს უნარებს, რომელიც დაეხმარება მას მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისას.

„პროექტის შედეგად ორგანიზაციის ბაზაზე მოხდება ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის 1 სუპერვიზორის მომზადება და 3 ქცევითი თერაპევტის სუპერვიზია მათი უნარების გაუმჯობესების მიზნით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ბენეფიციარებისათვის სტანდარტების შესაბამისი ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიით თერაპიის (ABA თერაპია) სერვისის მიწოდებას. პროექტის განხორციელების შედეგად ცენტრი შეძლებს სამცხე- ჯავახეთის რეგიონს შესთავაზოს ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული სტანდარტით გათვალისწინებული თერაპია (ABA თერაპია), რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური თერაპევტებით გაშუალებულ ხარისხიან თერაპიას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ბავშვების საუკეთესო გამოსავლის წინაპირობაა“ – აღნიშნავს ელისო თათეშვილი „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი  ორგანიზაციაა „ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.“

მათი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგების აუტიზმის შესახებ ცოდნითა და უნარებით აღჭურვაა. იმისთვის, რომ პედაგოგებმა შეძლონ ადრეულ ეტაპზე აუტისტური სპექტრის ნიშნების ამოცნობა და გამოვლენა.

ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს აუტისტური  სპექტრის დარღვევების (ASD) ადმინისტრირების ახალი მოდელის, კერძოდ ექო აუტიზმის (ECHO Autism) დანერგვას საქართველოში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სპეციალისტების ნაკლებობაა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული პედაგოგები შეძლებენ აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ASD) მქონე ბავშვებში პროცესის მართვას, ექსპერტების პერმანენტული მეთვალყურეობით.

„შეიქმნება სპეციალისტთა ქსელი, რომლის მეშვეობითაც ახალციხის ბაღის სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ თბილისში მყოფ ექსპერტებთან დაკავშირება, კითხვებზე პასუხის მიღება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და საჭიროების შემთხვევაში  ქეისის განხილვა ამერიკაში ECHO Autism-ის გლობალური ქსელის შეხვედრებზე, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს მიიღონ უკუკავშირი საერთაშორისო ექსპერტებისგან.

ჩვენი ორგანიზაციისთვის სხვადასხვა საგრანტო პროექტის განხორციელება უცხო არ არის. სწორედ მსგავსი პროექტები გვეხმარება სფეროს განვითარებასა და სიახლეების დანერგვაში, ორგანიზაციის საქმიანობის უწყვეტობასა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში“ – ამბობს ქრისტინა ლაზარიშვილი, ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) საქართველოში ფილიალის წარმომადგენელი.

დმანისის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა დღის ცენტრის შექმნას უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” განახორციელებს.

ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს ქვემო ქართლში შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების კვლევასა და უზრუნველყოფაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ ბიწაძე აღნიშნავს, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა შშმ პირთა დღის ცენტრის დაფუძნების საჭიროება.

„მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა პროექტის განხორციელებაზე.  მუნიციპალიტეტმა გამოყო შესაბამისი ფართი, დავითვალეთ საჭირო თანხები რემონტისა და აღჭურვილობისათვის. გადავწყვიტეთ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მიგვემართა დონორისათვის, ამ პერიოდში გამოცხადდა CENN-ის საგრანტო კონკურსი “სოციალური სერვისების გაუმჯობესებისათვის”  რომელშიც შევიტანეთ განაცხადი და იქნა მხარდაჭერილი.

პროექტის მხარდაჭერამ ძალიან გაგვახარა და მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან დმანისის მუნიციპალიტეტში არ არსებობს  შშმ ბავშვთა მხარდამჭერი სერვისი და ბავშვებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, მუნიციპალიტეტი უფინანსებს გზის ფულსა და ქირას რეაბილიტაციის სერვისის მისაღებად, რაც არის დაბრკოლება ოჯახებისათვის და დისტანციის გამო ნაკლებად ეფექტიანი. სარეაბილიტაციო და სოციალური სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი საცხოვრებელთან ახლოს ისევე, როგორც სკოლები, რაც ზრდის ამ სერვისების ეფექტიანობასა და ხდება არა მარტო ბავშვების, არამედ ოჯახების მხარდამჭერიც. დღის ცენტრის მომსახურების პროცესში, მშობლებს აქვთ საშუალება იმუშაონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ ან მათთვის საჭირო მომსახურებასა თუ განათლების პროგრამებში ჩაერთონ“ – მარიამ ბიწაძე, ორგანიზაციის “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ფონდების მოძიების მენეჯერი.

CENN-ის საგრანტო კონკურსის მეშვეობით, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.

პროექტს „თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი“ (LAG) განახორციელებს თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრთან მჭიდრო თანამშროლობით. ინიციატივის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების ჰარმონიული ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების მხარდამჭერი სერვისის შექმნითა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში შეიქმნას ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 20 ბავშვზე.

აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ამ დრომდე არ არსებობდა მსგავსი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი და ლოკალურ დონეზე მცხოვრებ საჭიროების მქონე ბავშვებს უწევდათ სერვისის მიღება სხვა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა თეთრიწყაროში ცხოვრების დონის გაუმჯობესება და შესაბამისად, მსგავსი პროექტების განხორციელება ლოკალურ დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ნინო ტიკურიშვილი, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი.

მსგავს თემაზე: ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ახალი სოციალური სერვისები ინერგება

ავტორი: ნინო ბერიძე

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.