ევროკავშირის დახმარებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ახალი სოციალური სერვისებით სარგებლობას შეძლებს

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის მიმდინარეობს, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – CTC და ქვემო ქართლის მედია – ერთად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოციალური მისიის მქონე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებლებისათვის, აპრილში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, სოციალური სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

საგრანტო კონკურსის შესახებ, ინფორმაციის ონლაინ სივრცეში გამოცხადების გარდა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებიც ჩატარდა. ღონისძიებებზე დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საგრანტო კონკურსის მიზნების, ამოცანების, შერჩევის კრიტერიუმების, ვადებისა და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

კონკურსში ჯამში 13-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. განაცხადების შერჩევის მიზნით 7  წევრისგან შემდგარი კომისია შეიქმნა, რომელმაც 8 გამარჯვებული გამოავლინა.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი გენდერულად მგრძნობიარე ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნებოდა ხარისხიან სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, უფლებათა მატარებლების გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებისა და უფლებების დასაცავად ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებაზე.

„ განაცხადების შერჩევა დაეფუძნა ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა განაცხადის შესაბამისობა  საგრანტო კონკურსის მიზნებსა და ამოცანებთან, საკითხისა და პრობლემის, რომლის გადაჭრაზეც იყო პროექტი მიმართული, აქტუალობა, ასევე განმცხადებელი ორგანიზაციის გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა, ხარჯ ეფექტიანობა და რაც მთავარია მდგრადობა, შედეგების მდგრადობა, რადგან  უაღრესად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელშესახები, პოზიტიური ცვლილებების მიღწევა, არამედ, აღნიშნული ცვლილებების შენარჩუნება.

საშუალოდ თითოეულ გრანტზე დაახლოებით 12,000 ევრო გაიცა, რამაც ჯამში 98,000 ევრო შეადგინა, უხეშად თუ ვიტყვით. საკმაოდ მრავალფეროვანია შერჩეული საგრანტო განაცხადების თემატიკა და ასევე, გეოგრაფიული დაფარვა, ვეცადეთ არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დარჩენილიყო სარგებლის გარეშე“ – აღნიშნავს CENN-ის პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე.

საგრანტო კონკურის ფარგლებში ერთ-ერთი დაფინანსებული პროექტია „ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ჩამოყალიბება“  რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ განახორციელებს. პროექტი რეგიონში მცხოვრები ხანდაზმული მოსახლეობის სოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„როდესაც ადამიანი პენსიაზე გადის, მისი ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც ის ეჯახება არის სოციალიზაციისათვის ვიწრო, არასაკმარისი წრე. ხანდაზმული ადამიანები ხშირად განიცდიან მარტოობას. ეს ეხება როგორც მარტო მცხოვრებ, ასევე ოჯახებში მცხოვრებ ხანდაზმულებსაც. მოხუცებისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის ნორმალური, სრულყოფილი კომუნიკაციის შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ სოციალურ იზოლაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მათი ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისათვის და რაც, ამავე დროს, ხელს უწყობს სიბერის პროცესის შენელებას“ – ცირა მესხიშვილი.

სამცხე–ჯავახეთში ხანდაზმულთა დღის ცენტრი ამ დრომდე არ არსებობს. ხანდაზმულებისათვის სოციალურ სერვისების მიწოდებას, ისიც მცირე მასშტაბით, მხოლოდ მერიის სოციალური სამსახურები ახორციელებდნენ, რომლებიც სერვისებს აწვდიან მხოლოდ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ და შშმ სტატუსის მქონე მოხუცებს. აღნიშნული სერვისები ერთჯერადი დახმარებითა და სამედიცინო მომსახურებით შემოიფარგლება.

პროექტი „ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ჩამოყალიბება“ რეგიონში ასოციაცია „ტოლერანტს“, როგორც თავად აცხადებენ,  დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან ისინი  პირველად იმუშავებენ საზოგადოების ამ ნაწილთან. ამიტომ, ისინი იზიარებენ იმ გამოცდილი ორგანიზაციების მაგალითებს, რომლებიც მსგავს პროექტებს ხანდაზმულ ადამიანებთან წლებია წარმატებით ახორციელებენ.

„გავიარეთ კონსულტაციები გამოცდილ ცენტრებთან, 60+ კლუბებთან  და ვიმედოვნებთ, რომ ახალციხეშიც ეს ცენტრი წარმატებით იმუშავებს.

ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრის წევრებს საშუალება მიეცემათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალგაზრდებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. ამასთანავე, ახალციხე არის მრავალეთნიკური და მულტირელიგიური ქალაქი, და, რა თქმა უნდა, ბენეფიციარები იქნებიან სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, ამიტომაც მათ ამ ცენტრში ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის კუთხითაც.

ცენტრის ფარგლებში, სოციალიზაციის ხელშეწყობასთან ერთად მოხდება ბენეფიციარებისათვის მნიშვნელოვანი სერვისის, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური მომსახურების (კონსულტაციების) მიწოდება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ არც თუ იშვიათად ხანდაზმულები ინტერესდებიან მათ საკუთრებაში არსებული ქონების მემკვიდრეებზე გადანაწილების საკითხებით. მათი ცოდნა და ინფორმირებულობა ამ მხრივ არა საკმარისია, ისინი ვერ ახდენენ საკუთრების დაცვას. ამის გამო, არც თუ იშვიათად, ხანდაზმულები ხდებიან ოჯახში ჩაგვრისა და ძალადობის მსხვერპლები. ასევე, ხანდაზმულობა ცხოვრების ახალ და საკმაოდ რთულ ეტაპზე გადასვლას მოიაზრებს, იცვლება მათი სოციალური როლები და ფსიქოლოგიურად გარკვეული მზაობაა საჭირო ამ ახალ როლთან და რეალობასთან ადაპტაციის კუთხით“- აღნიშნავს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

CENN-ის საგრანტო კონკურსის მეშვეობით განხორციელდება ასევე, პროექტი, რომელიც სოციალური სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დეფიციტურ პროფესიებში კადრების რაოდენობის გაზრდასა და წახალისებას შეუწყობს ხელს. პროექტს გარდაბნის მუნიციპალიტეტში „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრი 2020 წელს დაფუძნდა და მისი მისია  ახალგაზრდების გაძლიერება და განვითარება, მათი ჩართულობით კი პოზიტიური ცვლილებების მოტანაა.

„აღნიშნული პროექტი იქნება წინა პირობა, მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დაინტერესდეს სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიით და ჩააბაროს შესაბამის ფაკულტეტებზე, რაც სამომავლოდ შეიტანეს წვლილს/ხელს შეუწყობს  გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის, რეგიონში არსებული საჯარო სკოლების, ბავშვთა სახლების ბენეფიციარების, შშმ პირთა პანსიონატებსა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ბენეფიციარების  ცხოვრების ხარისხი.

ჩვენი ორგანიზაციისთვის CENN-ის საგრანტო შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პოპულარიზაციის და განვითარების კუთხით. აღნიშნული პროექტი იქნება არაჩვეულებრივი გამოცდილება ჩვენი ცენტრისთვის რათა მომავალში უფრო მასშტაბური  პროექტები განახორციელოს“ – აღნიშნავს გვანცა თვალიაშვილი, გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი.

მათი პროექტი მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

  • ახალგაზრდებში ინფორმირებულობისა და დაინტერესების გაზრდა სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების მიმართ;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტთან ადვოკატირება ადგილობრივი ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაზე, მათ მიერ სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების არჩევისას;
  • საინფორმაციო ონლაინ და ოფლიან კამპანიის წარმოება საზოგადოებაში სოციალური მუშაკისა და ოკუპაციური თერაპევტის პროფესიების არსზე, მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

„რეგიონული სათემო ორგანიზაციების ცოდნის ამაღლება სახელმწიფო სერვისების შესახებ“ამ სახელწოდების პროექტს განახორციელებს საგრანტო კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრი.“ პროექტის მიზანია, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სერვისების შესახებ, ინფორმირებულობისა და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების/ტრენინგებისა და სხვა აქტივობების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების (შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო) მუშაობის სპეციფიკისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის განკუთვნილი სერვისების შესახებ.

ასევე, პროექტის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და პოტენციური მსხვერპლებისთვის მომზადდება საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც მოცემული იქნება ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ყველა სერვისისა და მათი მიღების საკანონმდებლო თუ პრაქტიკული წინაპირობ(ებ)ის შესახებ.  საინფორმაციო ბანერები განთავსდება საჯაროდ და ასევე გავრცელდება ადგილობრივ მედიაში. აღნიშნული ბანერები ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. საინფორმაციო ბანერები მომზადდება ეთნიკური უმცირესობების ენზებეც (აზერბაიჯანულად და სომხურად).

„ ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი ის რეგიონებია, სადაც მაღალია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია ქალები და ოჯახში ძალადობის პოტენციური მსხვერპლები ამ რეგიონებში ფლობდნენ ინფორმაციას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მათთვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და იმ სახელმწიფო ორგანოების მუშაობის სპეციფიკის (პროცედურების) შესახებ, რომლებიც ახორციელებენ რეაგირებას ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

აღნიშნული პროექტი ვფიქრობ, დიდ წვლილს შეიტანს სამიზნე რეგიონებში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში. სათემო ორგანიზაციები პირველი რგოლია, რომელთანაც აქვს შეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ქალებს. შესაბამისად, მათი გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ამ დანაშაულის პრევენციასთან.  გარდა ამისა, ინფორმირებული ქალები ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას. ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ვფიქრობ, გაზრდის მათი მხრიდან სერვისებით სარგებლობისა და შესაბამისი სახელწიფო უწყებებისთვის დახმარებისთვის მიმართვის  მაჩვენებელს“ – აღნიშნავს ლონდა თოლორაია, კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი.

CENN-ის პროექტი აღმოჩნდა წინაპირობა, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ზრუნვა საქართველო”-ს ჩამოყალიბების. ამ ახალი ორგანიზაციის გუნდის წევრებსაც დღეს უკვე შესაძლებლობა აქვთ, ქვემო ქართლის რეგიონში განახორციელონ სოციალური მნიშვნელობის პროექტი.

მათი პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

„განსაზღვრული გვაქვს რამდენიმე ამოცანა, რაც ჩვენი აზრით, საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ დასახულ მიზანს. პროექტის ფარგლებში ვეცდებით ავამაღლოთ ინფორმირებულობის დონე ქვეყანაში არსებული სოციალური სერვისების შესახებ, როგორც მშობელთა, ასევე ბავშვებთან მომუშავე სხვადასხვა სპეციალის შორის ქვემო ქართლში.

ამასთანავე, გვსურს გადავამზადოთ აზერბაიჯანულენოვანი განათლებით ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტებად. პროექტის პარტნიორია ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი საქართველო”, რომელიც ამ უკანასკნელი ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება და გადამზადებულ სპეციალისტებს დასაქმების საშუალებას მისცემთ.

ჩვენი მოსაზრებით და მოლოდინებით, პროექტს უდიდესი სოციალური დანიშნულება აქვს და იგი აუცილებლად შეიტანს წვლილს, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის სოციალურ ინტეგრაციაში. გააუმჯობესებს, ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს და განსაკუთრებით, ხელს შეუწყოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას. რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების გადამზადებით გაუმჯობესდება ბავშვებისათვის შეთავაზებული განვითარების სერვისების ხარისხიც.

რადგან გუნდის ყველა წევრი ზრუნვის სფეროში ვართ დასაქმებულები (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები/განვითარების თერაპევტები) ჩვენთვის ამ საქმის კეთება განსაკუთრებულ პროფესიულ და პიროვნულ ემოციებთანაა დაკავშირებული.

საყვარელი საქმის კეთების სიხარულს, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო სასიხარულოს და საამაყოს ხდის ის ფაქტი, რომ ჩვენი დონორი ევროკავშირია, ორგანიზაცია CENN-ის გავლით, რომლის პროგრამის ფარგლებში დაწყებული ინიციატივა დღეს დაფინანსებულ პროექტად იქცა. CENN-მა უდიდესი რესურსი და დრო ჩადო ჩვენს ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ განვითარებაში. სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა არის უდიდესი საფუძველი, რომელიც მოცემული პროექტის წერის ფარგლებშიც გამოვიყენეთ“ –  ამბობს რუსუდან მელიქიძე, ორგანიზაცია „ზრუნვა საქართველო.“

 

მსგავს თემაზე: ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში ახალი სოციალური სერვისები ინერგება

ავტორი: ნინო ბერიძე

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.