„გენდერის ოთახი“ სოციალური ინტეგრაციისა და ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი

წალკის მუნიციპალიტეტში არსებული ეთნიკური და სხვა მოწყვლადი ჯგუფების კულტურული, გეოგრაფიული და სოციოეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული იზოლაციის პრობლემა განსაკუთრებით მყიფე და მტკივნეულია ორი ქვეჯგუფის – ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, ვინაიდან ტრადიციებით ნასაზრდოები დოგმატური შეხედულებები, ყოფითი პრობლემებით დამძიმებული სოციალური ფონი, ეკონომიკური სექტორის ერთფეროვნება და თვითგანვითარების შეუძლებლობა სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ქალებისა და ახალგაზრებისთვის ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლების მიღების, პროფესიული რეალიზაციისა და სოციუმში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რაც მათ ადრეულ ქორწინებასა და კარიერული შესაძლებლობებისა თუ პიროვნული ინტერესების უარყოფას აიძულებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებს არა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მეტად აქვეითებს მათი ზრდა–განვითარების სურვილსა და მოტივაციას, აქტიურ სამოქალაქო პოზიციას და იწვევს დაბალ თვითშეფასებას, რეგრესულ აზროვნებას, საკუთარ შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივაში დაეჭვებას, ნიჰილისტურ დამოკიდებულებასა და ისეთ განწყობას, თითქოს მათ პრობლემებს მაინც არავინ არ გაითვალისწინებს და მსჯელობას არავითარი რეაგირება არ მოჰყვება, რადგან მათი ინტერესები და საჭიროებები საზოგადოების დანარჩები ნაწილისთვის შეიძლება უმნიშვნელოც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან ადგილობრივ ხელისუფლებას ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს. შექმნილი ვითარების გაუმჯობესების მიზნით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ წარმოებულმა პროექტმა („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“), ყველაზე მარგინალიზებული, დაუცველი და გარიყული  წარმომადგენლების ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეყობის გზით, ყველა სოციალური ჯგუფის ჩართულობა უზრუნველყო; გამოკვეთა სქესის, ასაკისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირთა ინდიკატორები და განახორციელა ძირითადი პრინციპების შესაბამისი აქტივობები.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ზემოთ აღწერილ რეალობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ერთი მხრივ, პოლიტიკური თუ ინსტიტუციური დიალოგისთვის განსაზღვრული პლატფორმის არარსებობა, ადგილობრივი ხელისუფლების არასრულფასოვანი რეაგირება, ფინანსური სიმწირე და პოლიტიკური ნების არქონა, ხოლო, მეორე მხრივ, აღწერილი პროცესების გააქტიურებისთვის აუცილებელი ისეთი ძირითადი უნარ–ჩვევების ნაკლებობა, როგორებიცაა: კომპიუტერის ცოდნა, მედიაწიგნიერება, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები, გენდერისა და ქალთა უფლებების ცოდნა/გაცნობიერება, ლობირება/ადვოკატირება და სამეწარმეო უნარები. სწორედ, აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტის მიმდინარეობისას, სოფლებში გამართული შეხვედრების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ქალებისა და ახალგაზრდების გამოვლენის ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მერიაში არსებული  „ქალთა ოთახის“ დატვირთვასა და მნიშვნელობას. ვინაიდან მათი ოპერირება და ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, დიდწილად ქაოსური აღმოჩნდა, ამიტომ, მათი ინსტიტუციური თვალსაზრისით გაძლიერების მიზმნით, „ქალთა ოთახის“ აქტიური ჩართულობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა „გენდერის ოთახის“ სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომელმაც მოიცვა ძირითადი  მიზნები და ამოცანები და დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზა დასახული მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა სამოქალაქო სექტორისა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების, მათი ცოდნისა და უნარების განვითარების, სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების აუცილებლობა, რის განსახორციელებლადაც უმთავრეს ამოცანად განისაზღვრა თანამშრომლობის ხელშეწყობა მოწყვლად ჯგუფებსა და ადგილობრივ მერიას შორის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელთა ინსტიტუციური გაძლიერების გზით; წალკის მუნიციპალიტეტში (10 სოფელსა და ქალაქ წალკაში) მოწყვლადი ქალებისა და ახალგაზრდების იდენტიფიცირება მათი საჭიროებების კვლევის მიზნით; სოფლებში მობილიზაციის შეხვედრების გამართვა (შედგა 11 შეხვედრა) და აქტიური ჯგუფების ჩამოყალიბება; მოწყვლადი ჯგუფების Swot ანალიზის წარმოება და საჭიროებების კვლევა; არსებული გამოწვევების დადგენის მიზნით, ფოკუს–ჯგუფებთან შეხვედრების გამართვა და გენდერის ოთახის თანამშრომლებისთვის, მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტრენინგების ორგანიზება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობებიდან აღსანიშნავია 4 სახის 8 ტრენინგის ჩატარება ქალებისა და ახალგაზრდებისთვის თემაზე: გენდერი და ქალთა უფლებები; სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები; საჯარო ფინანსების მართვა და სხვა; ასევე – არაფორმალური განათლების წახალისება, „მწვანე კამპანიების“ დანერგვა ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერების, მიგრაციის შემცირებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში ორგანიზებულმა შეხვედრებმა, განხორციელებულმა აქტივობებმა, ჩატარებულმა ტრენინგებმა და წარმოებულმა მოლაპარაკებებმა, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობამ გამოკვეთა „ქალთა ოთახის“, როგორც თვითმმართველობის ორგანოს, ღია საინფორმაციო–საკონსულტაციო რესურსცენტრის აქტუალობა, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობის თვალსაზრისით დახმარება, ასევე – ქალებისა და მამაკაცების ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბარი მონაწილეობის გაზრდა და წახალისება. მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ „ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სწორი მართვის პრინციპების დანერგვასა და მათი ქმედითუნარიანობის გაზრდას გენდერული თანასწორობის პრინციპების მეინსტრიმინგით თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთანავე, „გენდერის ოთახი“ წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ სივრცეს, რომელშიც მათ შეუძლიათ გამართონ შეხვედრები, წამოაყენონ ინიციატივები, მიიღონ კონსულტანცია მათთვის საჭირო საკითხებზე, ისარგებლონ შეთავაზებული სერვისებით – საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურებით, დაისვენონ ან/და განახორციელონ სოციალურ–ეკონომიკური აქტივობები. შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტში, ლაგის მიერ განხორციელებული პროექტის („მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარება“) დახმარებით, ადგილობრივმა მერიამ მიიღო სიღრმისეული და დეტალური ინფორმაცია მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებზე და მოახდინა საპასუხო რეაგირება; „გენდერის ოთახის“ თანამშრომლებს ჩამოუყალიბდათ მკაფიო ხედვა თავიანთი საქმიანობისა და პოტენციური თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა მხარეებთან, რის შემდეგაც კიდევ უფრო ნათლად გააცნობიერეს ქალთა საჭიროებები და დაიწყეს არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით მოქმედება (ასევე, შეიმუშავეს ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა). თემატური ტრენინგების ჩატარებისა და ე.წ. „WBL მიდგომის“ გამოყენებით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ცნობიერება სამოქალაქო აქტივიზმზე, ასევე, მათ შორის სოციალიზაცია და ინტეგრაცია, გაიზარდა და მათ, საცხოვრებელი პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ერთობლივად დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების საკითხებზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს:

https://www.facebook.com/EmbraceTsalka

E-mail: info@clld.ge

პუბლიკაცია მომზადებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორ(ებ)ი და არ ასახავს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ან ევროკავშირის მთავრობის შეხედულებებს.

This publication was produced with the financial support of the government of the Federal Republic of Germany and the European Union (within the framework of the ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ Programme. Its contents are the sole responsibility of the author(s) and do not necessarily reflect the views of the government of the Federal Republic of Germany or the EU.

სტატია გამოქვეყნდა, QvemoQartli.ge-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია წალკის ადგილობრივი განვითარების (LAG) ჯგუფი.