გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია მედიას სხდომის თარიღს არ აცნობს – თავმჯდომარის მოადგილეს კი პრეტენზიები აქვს ფოტო-ვიდეო გადაღების გამო

QvemoQartli.ge-ს თხოვნის მიუხედავად, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მედიას დღეს ჩანიშნული სხდომის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

სხდომის თარიღის თაობაზე, სხვა წყაროებიდან შევიტყვეთ და ვცადეთ, საზოგადოებისთვის გაგვეცნო საოლქოს მუშაობა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებისთვის, სიტყვიერი შენიშვნა მივიღეთ, ოლქის თავმჯდომარის მოადგილე თეა მანძულაშვილისგან და გიორგი ფოჩხიძისგან, რომელიც კომისიის წევრია „ქართული ოცნებიდან.“

აღნიშნული პირები გვედავებოდნენ, თუ რატომ არ გავაფრთხილეთ წინასწარ, რომ გადავიღებდით სხდომას და რა უფლებით გადავადგილდებოდით სხდომის ოთახში ერთი კუთხიდან მეორეში.

ქალბატონი თეას და ბატონი გიორგის საყურადღებოდ გვინდა დავწეროთ, რომ საოლქოს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ამომრჩევლის მიმართ და შესაბამისად, აქვს ვალდებულება სრულიად ღია და გამჭვირვალე იყოს თავის საქმიანობაში. რა საკითხები განიხილება, ვინ განხილავს და მსგავსი დეტალები არ არის კომისიის წევრების პირადი საქმე და საზოგადოებას სრული უფლება აქვს თვალი ადევნოს პროცესს.

თითოეულ კომისიის წევრს უნდა ახსოვდეს, რომ ელექტროენერგიაც კი რომელსაც სხდომებზე იყენებენ, არის ამომრჩევლის გადახდილი გადასახადით შეძენილი და შესაბამისად, ამ ამომრჩევლის მიმართ ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებაც აქვთ. მედია ამ პროცესში შუამავალია და მისთვის დაბრკოლების შექმნის მცდელობა, მიუთითებს პროცესის არაჯანსაღ განვითარებაზე.

რადგან აღმოჩნდა, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა ასეთი პრობლემა არის გარდაბნის საოლქოს საარჩევნო კომისიისთვის, QvemoQartli.ge თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ეცდება ლაინ რეჟიმში გააშუქოს გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები და ამ გზით დეტალურად გააცნოს საზოგადოებას, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი გარდაბანში.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge