„გარდაბნის ორ საარჩევნო უბანზე არავინ დაგვხვდა”

გარდაბანში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, პარტიიდან „გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი“ ლია კოშაძე, აცხადებს რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევებია.

„ 3 ოქტომბერს ვიყავი 48-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე, რომელიც ერთ სკოლაშია. ამ უბნებში ვერცერთი წევრი და ვერც ხელმძღვანელი პირი ვერ ვნახე. 49-ე უბანს სიებიც არ ჰქონდა გამოკრული. იმავე დღეს დავწერე მოხსენებითი ბარათი ოლქის თავმჯდომარის სახელზე, სადაც ვთხოვდი სათანადო რეაგირებას. 8 ოქტომბერს ისევ ვიყავი ამ უბნებზე. ისევ ვერ ვნახე ვერცერთი წევრი და ვერც ხელმძღვანელი პირი, სია კი დამხვდა გაკრული, მაგრამ ვერცერთი უბნის ჟურნალი ვერ ვნახე“, – ლია კოშაძე, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „პ/გ გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი.“

პასუხისმგებელი პირების რეაგირებაზე კი კოშაძე განმარტავს:

„ სხდომაზე გაირკვა, რომ 7 ოქტომბერს განცხადება განთავისუფლების შესახებ შემოუტანია №48 უბნის სამ წევრს. ისევ აღვნიშნე, რომ ამ უბნებზე მთელი რიგი დარღვევებია, რაზეც თავმჯდომარემ მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფის ფორმირება დააანონსა“, – კოშაძე.

საკითხთან დაკავშირებით, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ ბერუაშვილმა, 8 ოქტომბრის სხდომაზე, განაცხადა რომ მოკვლევას ჩაატარებენ.

QvemoQartli.ge