გარდაბანში საარჩევნო პროცესს საუბნო კომისიების 16 წევრი გამოეთიშა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემავალი უბნებიდან ვადამდე უფლებამოსილება 16 წევრს შეუწყდა. მათ შორის არიან კომისიის თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიის წევრები. ამ ადამიანებმა პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
კონკრეტულად, 2024 წლის 13 სექტემბერს გარდაბნის მე-5 საარჩევნო უბანზე უფლებამოსილება შეუჩერეს კომისიის მდივანს.
26 სექტემბერს გარდაბნის მეცხრამეტე საარჩევნო უბანზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩერეს: კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. 43 უბანზე კომისიის მდივანს, 52 უბანზე კომისიის თავმჯდომარეს, 53 უბანზე კომისიის წევრს.
1-ელი ოქტომბრის განკარგულების მიხედვით, უფლებამოსილება შეუწყდა მეოცე უბნის კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, 48-ე უბნის მდივანს, 49-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
8-9 ოქტომბერს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა გარდაბნის მე-5, მე-13 და 48-ე საარჩევნო უბნის ოთხ კომისიის წევრს, პირველი უბნის სპეცჯგუფის ერთ წევრს,16-ე უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილი ბოლო 1 თვეში 16 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ტენდენციად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ კომისიის წევრებს ოჯახური მდგომარეობის გამო მოუწიათ განცხადებების დაწერა და გათავისუფლების მოთხოვნა.
,,კომისიის წევრები თავიანთი განცხადებების საფუძველზე ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლდნენ. ამის შემდეგ ჩვენ კონკურსები გამოვაცხადეთ და კონკურსების საფუძველზე ავირჩიეთ სხვა კომისიის წევრები. მე არ ვარ ვალდებული ვარკვიო, განცხადებაში მიზეზად ზოგს უწერია ავადმყოფობის გამო, ზოგს ოჯახური პირობების გამო. იმედი მაქვს ასე არ გაგრძელდება,” – აცხადებს გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილი.
QvemoQartli.ge