აფგან სადიგოვი – აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს აზერბაიჯანში ექსტრადიცია ელის

ჟურნალისტს, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარ რედაქტორს აფგან სადიგოვს პრობლემები აზერბაიჯანის შემდეგ უკვე საქართველოში, თბილისში 2024 წლის ზაფხულში დაეწყო. იგი საქართველოს შსს-მა დააკავა. ეს უწყება მაშინ აცხადებდა, რომ  სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. უფლებადამცველები მომხდარს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ დაკავება ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირდებოდა.

სადიგოვის საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში მომუშავე უფლებადამცველებიც. მათი განცხადებით საქართველომ არ დაიცვა პროფესიული საქმიანობისთვის დევნილი სადიგოვი. მას არც შესაბამისი სტატუსი მიანიჭა და ექსტრადიციის გადაწყვეტილებაც მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, 2024 წლის 28 ნოემბერს. გადაწყვეტილებას სადიგოვის ას დღიანი შიმშილობა უძღოდა.

„ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის   მთავარი რედაქტორია. ის წლების განმავლობაში აქტიურად წერდა აზერბაიჯანში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაზე, დანაშაულებზე და სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე.

ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობების გამო ა. სადიგოვის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. თუმცა, მას ჟურნალისტური საქმიანობა არ შეუწყვეტია. ამის შემდეგ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს (მისთვის უცნობი პირის ცემის ბრალდებით), შემდეგ კი 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (2018 წლის მაისში ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, აფგან სადიგოვი სამჯერ ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს). აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსაბუთებელი იყო და უფრო მეტად მის დასჯას ისახავდა მიზნად. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობის შემდეგ, აფგან სადიგოვი პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 2023 წლის მაისში გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში ყოფნის დროს 242 დღის განმავლობაში იშიმშილა რის გამოც ჯანმრთელობა მკვეთრად დაუზიანდა, მათ შორის, განუვითარდა მძიმე დაავადებები. აფგან სადიგოვი იხსენებს, მისი შიმშილობის დროს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს ფაქტებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონოა, თვითნებური და დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, აფგან სადიგოვის სახელით სასამართლოში ვასაჩივრებთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს ჟურნალისტს მიანიჭოს საერთაშორისო დაცვა და ამდენად შეაკავოს აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია და პოლიტიკური დევნის, წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რეალური და აშკარა რისკები“, – სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 16 ოქტომბერი, 2024 წელი.

ის, რომ აზერბაიჯანი არ არის უსაფრთხო ქვეყანა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის და უფლებადამცვლებისთვის, არა ერთი საყურადღებო უწყების/ორგანიზაციის  ანგარიში მიუთითებს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მთელ რიგ პრობლემებს ჩამოთვლის, მათ შორისაა: წამება და უსაფრთხოების ძალების წევრების მიერ სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ან დასჯა; მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეში; თვითნებური დაკავებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები; ტრანსნაციონალური რეპრესია ქვეყნის გარეთ მყოფი პირების მიმართ; პირადი ცხოვრების თვითნებური ან უკანონო ჩარევა; ნათესავის სავარაუდო დანაშაულისთვის ოჯახის წევრების დასჯა; სერიოზული შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა, ჟურნალისტების უსაფუძვლო დაკავება ან ბრალდების წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დეფამაციის კანონების გამოყენება გამოხატვის შეზღუდვისთვის; ინტერნეტის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები; მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ფაქტობრივი აკრძალვა და ასოციაციის თავისუფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევა; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები; მოქალაქეების შეუძლებლობა მშვიდობიანად შეცვალონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით; პოლიტიკური მონაწილეობის სერიოზული და გაუმართლებელი შეზღუდვები; მთავრობის სერიოზული კორუფცია; მთავრობის მხრიდან სერიოზული შეზღუდვები ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაზე; პოლიტპატიმრების მაღალ რიცხვზეა საუბარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.

ამჟამად არ არის ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის ექსტრადიციის ზუსტი თარიღი. სადიგოვი საზოგადოებას წელით ციხიდან მიმართავს. ეს არის ამ ეტაპზე, მისგან გაგებული და საზოგადოებისთვის გაზიარებული ბოლო გზავნილი:

„ ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკი და მძიმე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, საპოლიციო ძალები დაუნდობლად ეპყრობოდნენ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტების ნაწილი სასტიკად ნაცემია, ნაწილი კი ძვლების მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

მივესალმები საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად მხარში მიჭერდნენ, ავლენენ სიმამაცეს, გამძლეობას და ნებისყოფას, მადლობას ვუხდი და მეც მხარს ვუჭერ მათ.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს! გაუმარჯოს დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარულ მოქალაქეებს! რაც არ უნდა მოხდეს, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც აპირებს გახდეს იმ დიქტატორთა გაერთიანების წევრი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელარუსი, ჩრ. კორეა და მისთანები), რომელიც კაცობრიობის მტერია და მიისწრაფვის მათკენ.

აზერბაიჯანში კი პოლიტიკური ვითარება გაცილებით მძიმეა. ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. 20 წელზე მეტია, რაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება კრიმინალური, კორუმპირებული, მკვლელი, მექრთამე ჩინოვნიკებისგან შემდგარი გუნდით ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავიწროებს და ჩაგრავს ხალხს, სასტიკად ემუქრება პოლიტიკური პარტიების წევრებს, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს და აძლიერებს მათ წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს პროცესები დღეს კულმინაციამდეა მისული აზერბაიჯანში.

რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, აზერბაიჯანში ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და გამოძიების გამო, მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვიმყოფებოდით უმძიმესი დევნისა და მუქარების ქვეშ. ჩვენი ოჯახის ღირსებით გვაშანტაჟებდნენ, მცირეწლოვანი შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ. ჩემს ოჯახს , რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, დღემდე ემუქრებიან და დევნიან, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სწორედ აზერბაიჯანის დიქტატორის დაკვეთით ვარ საქართველოში დაპატიმრებული. აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით 2-ჯერ გრძელვადიანი, 3 -ჯერ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვიყავი და რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, როგორც პოლიტპატიმარი.

ძირს დიქტატურა! არა რეპრესიებს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! აფგან სადიგოვი. საქართველო, თბილისის ციხე“ – აფგან სადიგოვის წერილი “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” გამოქვეყნდა.

ავტორი/ჟურნალისტი: მანონ ბოკუჩავა