არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მუნიციპალიტეტები ახალგაზრდებს სტაჟირებებს სთავაზობენ

არჩევნების სამართლიანად ჩატარება სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხსაც ეხება. შესაბამისად, წინასაარჩევნო და არჩევნებამდე უახლოეს თვეებში წარმართული ყველა საბიუჯეტო პროცესი ყურადღებას იპყრობს.

ამჯერად ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიანი სამთავრობო პროგრამით ვინტერესდებით. პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან იწყება და კურსდამთავრებულების 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.

პროცესში ჩართულია ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი. შესაბამისი განცხადებები მათ ოფიციალურ ვებგვერდებზეა გამოქვეყნებული.

„ ახალი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის კონკურსი  19 სხვადასხვა პოზიციაზე გამოცხადდა“ – რუსთავის მერია. პროგრამაში ჩართულია ბოლნისის თვითმმართველობაც. ბოლნისში 9 სტაჟიორს ელიან.

„ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის სექტემბრიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში 4-თვიან ანაზღაურებად (399 ლარი) სტაჟირებას გაივლიან, ის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში“- ბოლნისის მერია.

13 პოზიციაზე არის გამოცხადებული სტაჟიორების მიღება მარნეულის მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროში 10-ზე, 7-ს კი ელიან წალკის მერია.

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 000-მდე კურსდამთავრებული გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას, საჯარო სტრუქტურებში.

QvemoQartli.ge