ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის ძალისხმევა ქალების მხარდასაჭერად

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ქალთა მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 94 შემ­თხვე­ვა გამოვლინდა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რის – 540, ეკო­ნო­მი­კუ­რის – 1, სექ­სუ­ა­ლურის – 15, იძუ­ლების – 15.

შსს ცნობით, ბოლო 9 თვის განმავლობაში, მხოლოდ, ქვემო ქართლის რეგიონში,  ძალადობის მსხვერპლი გახდა 47 ქალი და გაიცა 54 შემაკავებელი ორდერი.

მარნეულში, მიმდინარე წლის ივნისში, სოფელ ყიზილაჯლოდან 16 წლის  გოგო გაიტაცეს,  2022 წლის 19 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქმარმა ცოლი დაჭრა, სოფელ სადახლოში აგვისტოს თვეს, ქმარმა ცოლი მოკლა,  რუსთავში 2023 წლის 5 აპრილს მამაკაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, 26 სექტემბერს კი ბოლნისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა.

ეს, მხოლოდ არასრული ჩამონათვალია რეგიონში ქალებზე ძალადობის.

პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი ნათია ქოქიაშვილი.

„ დღემდე რეგიონში მცხოვრები   ქალები განიცდიან სხვადასხვა სახის ძალადობას. ძალადობის მსხვერპლი ქალები აქტიურად მოგვმართავენ საკუთარი უფლებების დასაცავად, თუმცა  ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც რეალურად ასახავს  ძალადობის სრულ სტატისტიკას (მსხვერპლთა  მასშტაბები უფრო დიდია).

ქვემო ქართლში უმთავრეს პრობლემას  წარმოადგენს: ენობრივი ბარიერი-სახელმწიფო  ენის არცოდნა,  ძალადობის შესახებ ცნობიერების  დაბალი დონე, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების სიმცირე, განათლებისა და პროფესიული უნარების არქონა, მსხვერპლს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის მოძალადეზე. ყოველივე აღნიშნული აიძულებს  ძალადობის მსხვერპლს არ დაშორდეს მოძალადეს. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები არ ახორციელებენ  მსხვერპლთა  გაძლიერებისა და ხელშეწყობის პოლიტიკას“  – ნათია ქოქიაშვილი

ქვემო ქართლის რეგიონში ქალებზე ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

„ ქალებზე ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც სახელმწიფო ასევე ადგილობრივ დონეზე, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მსხვერპლთა დაცვას. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ  ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების გრძელვადიანი პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას“, – ნათია ქოქიაშვილი

თვითმმართველობების პასიური ნაწილისგან განსხვავებით, რეგიონის სამოქალაქო სექტორი, სხვადასხვა ინიციატივების ფარგლებში უპირისპირდება ქალებზე ძალადობას და ცდილობს ვითარების შეცვლას.

ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW რეგიონში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ორგანიზაციაში იმ სირთულეებზე საუბრობენ, რასაც მუშაობისას აწყდებიან.

რადიოს დამფუძნებელი მარიკო წიქორიძე საუბრობს, რომ ქვემო ქართლში  და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, ამ პრობლემით დაზარალებული ქალები  მედიასთან კომუნიკაციისთვის ღია არ არიან:

„ იშვიათად ხდება, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები აღმოჩნდნენ იმდენად ძლიერები რომ ზოგადად სტიგმატიზებულ სამყაროში გაუძლონ ყველანაირ ძალადობას ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, გენდერულს და შეძლონ შემდეგ სხვა ქალებისთვის გახდნენ სამაგალითოები და ისაუბრონ მედიაში საკუთარ განვლილ გზაზე. ძალიან რთულად იღებენ ასეთი ქალები საჯაროობის გადაწყვეტილებას, არადა სწორედ ისინი არიან სამაგალითო, ისინი არიან სხვებისთვის ,,წინ მიდევნებული ლამპრები”, -მარიკო წიქორიძე,  ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW.“

მისი თქმით, ამ კუთხით თავისი განსაკუთრებული როლი აქვს მედიას:

„ მნიშვნელოვანთან ერთად აუცილებელია ამ თემებზე ღიად და დაუფარავად საუბარი. აუცილებელია ზოგადად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, რომ მავნე პრაქტიკა ვიღაცამ საუკუნეების ტრადიციაში არ აურიოს. აუცილებელია მედიაში საუბარი. საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვები და არ უნდა დარჩეს განცდები, რომ ,,ქალმა დააშავა, არ დაუჯერა ქმარს და დაისაჯა.”

უმნიშვნელოვანესია, ამ მხრივ, მედიის როლი და უმთავრესია ინფორმაციის საზოგადოებამდე სწორად მიტანა,“ – მარიკო წიქორიძე

ავტორი: მირანდა ფუტკარაია 

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.