რუსთავქალაქობა, ადგილობრივ ბიუჯეტს, 99 500 ლარი დაუჯდა

მუნიციპალურმა აიპიმ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა”, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიღებული თანხმობის შემდეგ, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად ი/მ ნანი ბრეგვაძისგან მომსახურება შეისყიდა.

შესყიდვის ღირებულება, 99 500 ლარია (დღგ-ს ჩათვლით). მიმწოდებლისგან მიღებული ინვოისის თანახმად, მომსახურებაში შედიოდა, როგორც სოლისტის ნანი ბრეგვაძის, ასევე დირიჟორი ნიკა ნიკაშვილის და ორკესტრის მომსახურება.

კითხვაზე რატომ ნანი ბრეგვაძე და არა სხვა შემსრულებელი/ჯგუფი, ოფიციალურ განმარტებას, გამარტივებული შესყიდვის, დასაბუთებაში ვკითხულობთ:

„ ყოველწლიური ,,რუსთავქალაქობის” ჩატარების წინ, სახელოვნებო დეპარტამენტი ატარებს სატელეფონო და ქუჩის გამოკითხვას. ერთადერთი კითხვით – თუ ვის მოსმენას ისურვებდნენ რუსთაველები რუსთავქალაქობაზე? ჩამოთვლილი იყო ვარიანტები ,,რეგიონი”, ანსამბლი ,,რუსთავი”, ადგილობრივი შემსრულებლები, ,,ჩვენებურები”, ნანი ბრეგვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე, ღამის შოუს ბენდი. გამოკითხულთა 80%-მა აირჩია ნანი ბრეგვაძე, ნატალია ქუთათელაძე და ეკა მამალაძე“- წერია, გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში.

რამდენი ადამიანი გამოიკითხა, დროის რა მონაკვეთში და რა ასაკის, ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის მითითებული. შესაბამისად, „გამოკითხულთა 80%-ი“ ათი რუსთაველის აზრს გამოხატავს, თუ ასის, ბუნდოვანია.

„რუსთავქალაქობის“ ღონისძიებას მოქალაქეებისგან განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. მომღერლებით, რეპერტუარით და ღონისძიების ფორმატით უკმაყოფილოებს ერთი კითხვა აერთიანებდათ: რატომ ნანი? და რატომ არა ადგილობრივი ჯგუფები, ანსამბლები და მომღერლები.

კითხვა მეტ ლეგიტიმაციას იძენს, როგორც კი რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტში ვკითხულობთ რუსთავქალაქობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს:

„  ქვეპროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში იმართება როგორც გეგმიური ისე არაგეგმიური კულტურული ღონისძიებები გეგმიური ღონისძიებებია; დედების დღე, ქალთა დღე, 9 აპრილი, 9 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, ევროპის დღე, 8 აგვისტო, რუსთავქალაქობა, ახალი წელი.  პროგრამის ფარგლებში  ფუნქციონირებს 5 ანსამბლი ესენია, თუთარჩელა, სალხინო, ფიროსმანი, მე რუსთველი და მუსიკალური ორკესტრი, ასევე ფუნქციონირებს კულტურის სასახლე და მასთან არსებული მოზარდ მაყურებელთა თეატრალური დასი. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურის სასახლის ფუნქციონირება, სხვადასხვა კულტურული აქტივობების რაოდენობათა ზრდა და ანსამბლების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“ აღნიშნული ჩანაწერი იყო, ასევე, ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც რუსთავის თვითმმართველობა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააკრიტიკა.

აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტები

 

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge