რეკომენდაციებიდან სანქციებამდე – ამერიკის პასუხი „რუსულ კანონზე“

ამერიკა „რუსული კანონის“ მიღებასა და პროცესის ხელშეწყობაში პასუხისმგებელ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სანქციებს დაუწესებს. ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ კანონის პარლამენტიდან გაწვევას შეუძლია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ:

„ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი” და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.

ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს.

სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ამერიკის სახელმწიფო უწყებებს საკითხზე მუშაობა სანქციებით არ დაუწყიათ, პროცესს არა ერთი გაფრთხილება, რეკომენდაცია და განცხადა უძღოდა წინ.

ერთ-ერთი პირველი ვინც „რუსულ კანონს“ ამერიკიდან გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი იყო.

„ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“ – მეთიუ მილერი, 5 აპრილი.

იმავე თვეს, მმართველ გუნდს საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ჯერი კონოლიმ და  ოსტინ სკოტმა მიმართეს.

„ კვლავ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ წინსვლაში და ლიდერების მოვუწოდებთ, ყური დაუგდონ მათ მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და შეუფერხებლობისკენ, დამოუკიდებელი სასამართლოსკენ და მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემისა და კორუფციაში ჩართულთა პასუხისგებაში მიცემისკენ. სამწუხაროდ, “უცხოელ აგენტთა კანონი” ვლადიმირ პუტინის მსგავსია და საქართველო გზიდან გადაჰყავს.”

საკითხთან დაკავშირებით მკაფიო იყო ასევე ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის გზავნილიც:

„ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“,- ნათქვამია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის ჯიმ რიშის და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.

ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ უარი თქვან „რუსული სტილის“ კანონზე.

მიმართვები და განცხადებები განსაკუთრებით ატიურად კეთდებიდა მიმდინარე თვეს. 11 მაისს, 29 ამერიკელმა კონგრესმენმა ერთობლივი ღია წერილით  მიმართა პრემიერი-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს:

„ ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ გამოთქმულ მისწრაფებას, უფრო მეტად ინტეგრირდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და 2009 წლის აშშ-საქართველოს შეთანხმებას სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყნებმა თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გააფორმეს. კიდევ ერთხელ მკაცრად მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი“,- ნათქვამია ღია წერილში.

19 მაისს კი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა,  ადრიენ უოტსონიმ  პარლამენტის წევრებს მოუწოდა არ დაძლიონ აგენტების კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტო:

„ მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოელი აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო“, – ადრიენ უოტსონი.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით