„გამჭვირვალობის მომთხოვნი“ მერი სასამართლოს მიმართავს იმისთვის, რომ საჯარო ინფორმაცია არ გასცეს

მარნეულის მერი კენან ომაროვი, თავის აქტივობით სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებს მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ გზავნილებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. მერიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსად ცდილობს წარმოაჩინოს კანონპროექტი, არა როგორც ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის ბერკეტი, არამედ როგორც „გამჭვირვალობის“ მექანიზმი.

მაშინ როდესაც მერი მუდმივად ამ საკითხზე აპელირებს, თავად უკვე ორი წელია საჯარო ინფორმაცია არ აწვდის ჩვენს რედაქციაზე.

კერძოდ, ქვემო ქართლის მედია 2022 წლიდან, საია-ს რუსთავის ოფისის მხარდაჭერით, აწარმოებდა სასამართლო დავებს რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მერიების წინააღმდეგ. მოითხოვდა მერიის შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებას. გასულ წელს, ორგანიზაციამ დავა სამივე მუნიციპალიტეტს მოუგო. მათგან, რუსთავის და გარდაბნის მერიები დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გაასაჯაროეს შიდა აუდიტის ანგარიშები. აქვე უნდა ითქვას, რომ აქტუალობის თვალსაზრისით, ამ დოკუმენტებს უკვე ნაკლები ღირებულება ჰქონდათ, თუმცა ინფორმაციას გაცემას მათი მხრიდან დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჰქონდა ადგილი.

გამონაკლისი აღმოჩნდა მარნეულის მერია. უწყებამ სასამართლოს პირველი ინსტანციის (ბოლნისის რაიონული სასამართლო) გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიმართა სააპელაციო სასამართლოს – გადაწყვეტილების სრული გაუქმების მოთხოვნით.

გასაჩივრების განცხადებაში მარნეულის მერია წერს:

„ საყურადღებო და დაუსაბუთებელია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.“ ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ: ” მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაცემა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის/მერის  უფლებამოსილებას.”  შესაბამისად, თვლიან რომ მერი წყვეტს მოხდეს თუ არა ამ ტიპის ინფორმაციის გაცემა.

რატომ არის მნიშვნელოვანი მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა

მერიის შიდა აუდიტის სამსახური ისევე, როგორც საჯარო უწყებაში მოქმედი სხვა სამსახურები წარმოადგენს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით მოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისად ანგარიშვალდებულია მოქალაქეების მიმართ. მის მოვალეობაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორიცაა:

ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ბ) დაწესებულების სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

გ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

დ) დაწესებულების სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა;

ე) დაწესებულების სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მერისთვის წარდგენა;

ვ) დადგენილი წესით, შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

ზ) მერიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მერიის სტრატეგიისა და მოქმედი პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების, აგრეთვე ამოცანების ეფექტური შესრულების ანალიზი და შეფასება;

თ) მერის უზრუნველყოფა მერიის სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

ი) შიდა აუდიტის შემდეგი ეტაპების – აუდიტის დაგეგმვის, აუდიტის განხორციელების, ანგარიშგების, გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრა – შიდა აუდიტის მოქმედების სფეროსი, მიზნების და ამოცანების, აუდიტის სახის, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდების, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდების/ფარგლების, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის, შესამოწმებელი პერიოდის, შემოწმების ვადის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების;

ლ) შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შედგენა, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;

მ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოდგენის უზრუნველყოფას სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამ) სამუშაო დღეზე ნაკლები, რის შემდეგაც სამსახური საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად წარუდგენს მერს;

ნ) მერიის სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ო) მერიის სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

პ) მერიის სისტემაში არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ჟ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება“ – ვკითხულობთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში.

შესაბამისად მარნეულის მერიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხში ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილი სწორად ამ სამსახურს და მის მომზადებულ ანგარიშებს უკავია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მედიას და ფართო საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა მათ საქმიანობაზე.

„ქვემო ქართლის მედია“ საკითხის შესახებ დავას უკვე სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. ორგანიზაციის ინტერესებს საია-ს რუსთავის ოფისის ადვოკატი ნანა ტყაბლაძე იცავს.

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით